მცირე და საშუალო ბიზნესი ფინანსური ანგარიშგების გამარტივებულ, საერთაშორისო სტანდარტებზე გადადის

საქართველოში მალე ახალი რეფორმა ამოქმედდება, რომელიც IFRS for SMEs-ის (მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი) სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. ცვლილება  შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს, ანუ კომპანიებს, რომელთა წლიური ბრუნვა 2 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდეა, აქტივები – მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე, ხოლო კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა – 10-დან 250-მდე.

კომპანიებისთვის უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება შესადარისობა, ე.წ. „ბენჩმარკინგი“. აღსანიშნავია, რომ ანგარიშგების ენა შესაძლოა იყოს ნებისმიერი და მისი ფორმა ისეა შედგენილი, რომ გასაგები იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებისთვის. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი რომლის მიღება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ გახდა აუცილებელი, კომპანიებს ავალდებულებს ანგარიშგებების წარდგენასა და გასაჯაროებას. ანგარიშგებების წარდგენა ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ანგარიშგებები და კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

რეფორმის მიზანია საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლება, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, კორპორატიული მართვის გაუმჯობესება, საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობის ზრდა და ევროკავშირის და მსოფლიოში წამყვანი პრაქტიკის გაზიარება და დანერგვა.

გაუმჯობესებული ანგარიშგების ხარისხი მცირე და საშუალო კომპანიებს დაეხმარება საფინანსო ინსტი

ტუტებთან ურთიერთობის უფრო ეფექტურად წარმართვაში. კერძოდ, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება ბანკთან კომუნიკაციისას კომპანიის სანდოობას გაზრდის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს დააჩქარებს. ბანკირისთვის, რომელიც კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასებას ახორციელებს, მნიშვნელოვნად გამარტივდება და ვადებში დაჩქარდება ანალიზის პროცედურა, ეს კი ანალიტიკოსს საშუალებას მისცემს კომპანიის რეალურ საქმიანობაზე, ინდუსტრიასა და სექტორის ანალიზზე დახარჯოს მეტი დრო.

იმისათვის, რომ ბიზნესის წარმომადგენლებმა უმტკივნეულოდ შეძლონ ახალ სტანდარტებზე გადასვლა, “თიბისი ბანკი” მათ ინდივიდუალურ კონსულტაციებს და ჯგუფურ ტრენინგებს სთავაზობს. ნებისმიერი კომპანიის წარმომადგენლებს, მმართველ დირექტორებსა და ფინანსურ მენეჯერებს, შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ ტრენინგებს “თიბისი ბიზნესის” ახალ სივრცეში, რომელიც დეკემბერში გაიხსნება.

ახალი სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგება სავალდებულო ხდება 2018 წლის იანვრიდან. კანონის მოთხოვნების უგულვებელყოფის შემთხვევაში, ამოქმედდება შესაბამისი სანქციები, მათ შორის, წერილობითი გაფრთხილება, ფულადი ჯარიმა და მმართველობითი ორგანოს წევრისთვის ფუნქციების განხორციელების აკრძალვა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments