გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მეტროსადგური გახსნა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეტროსადგური „უნივერსიტეტი“   გახსნა.   პრემიერმა თბილისს და თბილისელებს მიულოცა ახალი მეტროსადგურის ამუშავება, რომლის 20 წელზე მეტხანს შეჩერებული მშენებლობა 2015 წელს განახლდა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, მათ შორის ინჟინერ-მშენებლებს, ვინც პროექტის წარმატებით დასრულებაში წვლილი შეიტანა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მეტროსადგური მთლიანად აღჭურვილია სრულიად თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. აქ სრულად არის დაცული უახლესი თანამედროვე სტანდარტები. დღეისათვის, თბილისის მეტროთი, ყოველდღიურად მგზავრობს 350-400 ათასი ადამიანი. ამ სადგურის ამუშავება, დღეში დამატებით 15 ათასზე მეტ ადამიანს გაუადვილებს დანიშნულების ადგილამდე მისვლას. მოგეხსენებათ, რომ დღემდე, დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მოწყობილი ორი პარალელური გვირაბიდან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებდა. ამიერიდან ეს პრობლემაც გადაჭრილია და ორივე გვირაბი სრული დატვირთვით იმუშავებს. იმედი მაქვს, სადგური „უნივერსიტეტი“, გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი ურბანული ტრანსპორტის განვითარება, რაც დამეთანხმებით, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის, დედაქალაქის სტუმრებისთვის. თბილისის მერიამ ეს პროცესი აქტიურად დაიწყო – უკვე მოდერნიზდა და გარემონტდა ჯამში 44 ვაგონი, ასევე განახლდა 3 მეტროსადგური, ხოლო 3 განახლების პროცესშია. თბილისში შემოვიდა 143 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი; თბილისში, 1970-იანი წლების შემდეგ, პირველად აშენდა, ასევე ევროსტანდარტების შესაბამისი, მუნიციპალური ავტობაზა; ამოქმედდა კუს ტბის საბაგირო გზა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან ახალ მეტროსადგურამდე ახლად მოწყობილ ხეივანსა და გამწვანებულ პარკზე და აღნიშნა, რომ ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რომლებიც თბილისის მერიამ ამ ბოლო წლებში განახორციელა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებას თბილისთან მიმართებაში გაცილებით უფრო მასშტაბური გეგმები აქვს. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს გეგმები სრულად და წარმატებით განხორციელდება, რაც თბილისს კიდევ უფრო ლამაზს გახდის.

image_pdfimage_print

Comments

comments