აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა შეიქმნება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ჩატარებულ  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს  კიდევ ერთი მნიშვნელოვანიგადადგმული ნაბიჯია ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, გამჭვირვალედ, – ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული.ვფიქრობ, ყველამ დაინახა განსხვავება – თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის ნამდვილად კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ჩაატარა მომავალზე, პროგრამაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია და საერთოდ, ამ არჩევნების პროცესში, გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა, რაც, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.”– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე მუშაობს, რაც  ნდობის აღდგენის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება.

„ეს პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, გამოყოფილი იქნება შესაბამისი ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ პროგრამის განხორციელებაში. მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ–მინისტრი დევნილთა საკითხსაც შეეხო და განახადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში კიდევ 240 დევნილი ოჯახი მიიღებს. დევნილებს საცხოვრებელი ფართები თბილისში, გორში, რუსთავსა და ბათუმში გადაეცემათ.

შეგახსენებთ, 2012 წლიდან დღემდე, მუდმივ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით უკვე 15 800 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

image_pdfimage_print

Comments

comments