გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გარემოს დაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სანიტარული ჭრები და ზოგადად, ხე-ტყის დამზადება წარმოადგენს სატყეო სამეურნეო ღონისძიებას, რომლის განხორციელება არა მხოლოდ მერქნული რესურსებით სარგებლობის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, არამედ, წესების დაცვით დაგეგმილი. ეს უზრუნველყოფს ტყეების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციასა და გამოვლენაზე. სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს ნებისმიერი ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით შეაწყობინონ სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153.

”ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის საფუძველზე მომზადებული ტყის მართვის გეგმებით დაშვებული მოცულობების ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ტყეების ფაქტიურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს მდგრად ტყითსარგებლობას. სწორედ ამ პრინციპების დაცვით ხორციელდება ტყეკაფების გამოყოფა უპირველესად სოციალური ჭრისთვის, რომელიც საქართველოს მოსახლეობის სათბობ რესურსზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებაა. ასევე, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიტარული ჭრებიც. ტყის მავნე მწერმა მბეჭდავმა ქერქიჭამიამ დიდი ზიანი მიაყენა სამცხე-ჯავახეთში წიწვოვან ტყის მასივებს. 2012 წლიდან მიმდინარეობს მავნებელთან ბრძოლა ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით, თუმცა, საუკეთესო შედეგების მიღების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სანიტარული ჭრების განხორციელებაც, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს პირობებისთვის, არამედ, ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით მეტყევეობაში მიღებული პრაქტიკაა.

ზოგადად, ხე-ტყის დამზადება სატყეო სამეურნეო ღონისძიებაა, რომლის განხორციელება არა მხოლოდ მერქნული რესურსებით სარგებლობის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, არამედ, წესების დაცვით დაგეგმილი. აღნიშნული ღონისძიება უზრუნველყოფს ტყეების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას,”-ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებული მონაცემებია მოყვანილი. უკანონო ტყითსარგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

”მხოლოდ მიმდინარე წელს (ოქტომბრის მდგომარეობით), სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია უკანონოდ ხე-ტყის მოპოვების სამართალდარღვევის 337 ფაქტი. მათ შორის, 21 ფაქტი დაფიქსირდა მიმდინარე წლის აგვისტოს პერიოდში ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს. 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2250 ფაქტი გამოვლინდა. აგვისტოს თვეში, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და სტიქიასთან ბრძოლაში ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსი იყო ჩართული, ბრაკონიერები ხე-ტყის უკანონო ჭრასა და ტრანსპორტირებას მაინც აგრძელებდნენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments