ნიუ-იორკის ერთადერთი ქართველი ვიცე-მერი

Картинки по запросу კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი“ის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი იყო, რომელიც ერთდროულად ეფექტური მმართველიც გახლდათ და ძალზე პოპულარული წინამძღოლიც, ღირსეული ადამიანი, უმწიკვლო რეპუტაციით, უნაკლო ლოგიკით. სწორედ კონი ერისთავის დამსახურებაა ის, რომ დღეს ნიუ-იორკს სუფთა წყალი მიეწოდება და მის შემოგარენში არამარტო წყლები, არამედ მიწა და მთელი გარემო დაცულია”, – წერდა “ნიუ-იორკ თაიმსში” აშშ-ის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე უილიამ რაილი ნიუ-იორკის ვიცე-მერზე, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავზე, რომელსაც ეს თანამდებობა 1967-1973 წლებში ეჭირა.

დღევანდელ სტატიაში ჩვენც გვინდა, გავიხსენოთ ემიგრაციაში დაბადებული ჩვენი თანამემამულის ცხოვრებიდან რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი, რომელმაც განსაკუთრებული ღვაწლი შეიტანა არა მხოლოდ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის – ნიუ-იორკის აღმშენებლობაში, არამედ უანგაროდ ეხმარებოდა თავის სამშობლოს.

კონსტანტინე სიდამონ ერისთავი, რომელსაც ამერიკაში კონი ერისთავად იცნობდნენ, დაიბადა მანჰეტენზე 1930 წელს ქართველი ემიგრანტის ოჯახში. მამა, სვიმონ სიდამონ-ერისთავი იმპერიის არმიის პოლკოვნიკი იყო. 1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა და სამხედრო კარიერა ქართულ არმიაში გააგრძელა. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ამერიკაში ცოლად შეირთო საფრანგეთში ამერიკის ელჩის ქალიშვილი ენ ბიგლიუ-ტრეისი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა – კონსტანტინე და ანა.

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი სწავლობდა მილბრუკის სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო პრისტონის უნივერსიტეტში სამთო-საინჟინრო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა სამთო ინჟინრის დიპლომით. შემდეგ მსახურობდა არმიაში, კორეაში მსახურობის დროს ბრინჯაოს ვარსკვლავით დაჯილდოვდა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, 1957 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ჯერ იურიდიულ ბიუროში მუშაობდა, შემდეგ კი დასთან – ანასთან ერთად, რომელიც ასევე იურისტი იყო, საკუთარი იურიდიული ბიურო გახსნა.

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი - ნიუ-იორკის ყოფილი ვიცე-მერი

როგორც მისი ბიოგრაფები წერენ, 1957 წელს იქორწინა ენ ფილიპსზე. მათ შეეძინათ სამი შვილი – სიმონი, ელისაბედი და ანდრია. კენედის მკვლელობის შემდეგ აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში, 40 წლის განმავლობაში იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი.

1965 წელს ნიუ-იორკის მერის არჩევნებში რესპულიკური პარტიის კანდიდატ ჯონ ლინდსის ყურადღება პარტიის აქტიურმა წევრმა კონი ერისთავმა მიიპყო და მას წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობა მიანდო. გამარჯვების შემდეგ ნიუ-იორკის ახალმა მერმა ჯონ ლინდსმა ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი საავტომობილო მიმოსვლის დარგში თავის თანაშემწედ დანიშნა. ნიუ-იორკის ვიცე-მერის თანამდებობას კი კონი ერისთავი 1967 წლიდან 1973 წლამდე იკავებდა. სამი მთავრობა გამოიცვალა და პენსიაზე გასვლამდე ქალაქის მმართველობაში დიდ როლს ასრულებდა.

გარდა პოლიტიკისა, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი აქტიურად იყო დაკავებული გარემოს დაცვის პრობლემებით, იგი ამ საქმეში 1974 წელს გუბერნატორმა მალკოლმ უილსონმა ჩააბა. 1983 წლიდან 1993 წლამდე ნიუ-იორკის მეორე რეგიონის (ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, პუერტო რიკოს და ვირჯინიის კუნძულები) გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. მისი ძალისხმევით შეიქმნა ისეთი პროექტები, რომლებიც დღესაც მუშაობს აშშ-ის გარემოს დაცვის სისტემაში. ზედამხედველობდა პროგრამებს, რომლებიც აკონტროლებდნენ ჰაერისა და წყლის სისუფთავეს, ინდუსტრიულ ნარჩენებს, ტოქსიკურ ნივთიერებებს, პესტიციდებსა და ოკეანის დაბინძურებას.

მისი ბიოგრაფები იმასაც წერენ, რომ ამერიკაში დაბადებული და გაზრდილი კაცი ქართულ ადათ-წესებს და ტრადიციებს სიცოცხლის ბოლომდე პატივს სცემდა. ქართული სათვისტომოს ღონისძიებებს, საღამოებს ყოველთვის ქართულ ჩოხაში გამოწყობილი ესწრებოდა. ქართულ ქულაჯსა და ჩოხაში გამოწყობილი მივიდა მაშინაც, როცა ამერიკელმა ქართველებმა ზეიმით აღნიშნეს ქართული სათვისტომოს დაარსების 70-ე წლისთავი ნიუ-იორკის “ბოტანიკალ გარდენში”, სადაც მიწვეული იყვნენ კანზასის შტატის სენატორი სემ ბრაუნბეკი, კენკუტის შტატის სენატორი მიჩ მაკონელი, კენტ ბრაუნი, უილიამ კორტნი, ჩაკ საგელი და სხვები.

საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს, რომლებსაც იურიდიულ დახმარებას უწევდა და ცდილობდა, შეძლებისდაგვარად დაესაქმებინა. გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა საქართველოს დამოუკიდებელი რესპბულიკის მთავრობის მიერ გატანილი არქივი პარიზში წყალდიდობამ დააზიანა, მის გადასარჩენად სოლიდური თანხა გაიღო. მამის გარდაცვალების შემდეგ კი ხელმძღვანელობდა კავკასიურ სახლ “ალავერდს”, რომელიც კავკასიელთა თავშეყრის ადგილი იყო.

1989 წელს კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი შვილებთან ერთად პირველად ეწვია სამშობლოს. მოიარა მთელი საქართველო, მოინახულა წინაპრების სასახლე ანანურში. ამის შემდეგ იგი კიდევ ხუთჯერ ესტუმრა საქართველოს, 1994 წელს კი მისი ინიციატივით დაარსდა ჰუმანიტარული ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრები”, რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო სიცოცხის ბოლომდე. აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი, ამერიკელი მწერლის – პავლე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარიამ ჭავჭავაძე.

ამ საზოგადოების მეშვეობით საქართველოში უამრავი ჰუმანიტარული პროექტი განხორციელდა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში. როგორც ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი წერს, საქართველოს ამერიკელმა მეგობრებმა ბედიაში შეიძინეს სახლები, სადაც მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან ერთად პედაგოგებიც ცხოვრობდნენ. ფონდი ეხმარებოდა თბილისის ფერისცვალების მონასტერთან არსებულ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარს, ქუთაისის ფსიქონევროლოგიურ კლინიკას, ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს და მოხუცებს. დღეს კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის დაწყებულ საქმეს მისი შვილები აგრძელებენ. ბაბუის მოსახელე სიმონ სიდამონ-ერისთავი ვაშინგტონში მოღვაწეობს, გარემოს დაცვის ადვოკატია, ენდრიუ პოლიტიკოსია, ელისაბედი კი მხატვარია, რომელიც ხშირად აწყობს გამოფენას საქართველოში.

http://resonancedaily.com

image_pdfimage_print

Comments

comments