გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლონელ კოლეგას ანჯეი დუდას პირისპირ შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პოლონეთი საქართველოს ძლიერი პარტნიორია, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის სირთულეებს. ამიტომ საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის გააქტიურება და საქართველოს პარტნიორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პერმანენტულ რეჟიმში რუსეთზე უწყვეტი ზეწოლის განხორციელება აუცილებელია.

“დღეს პოლონეთი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, რომლის სიძლიერე და განვითარება ცენტრალურ ევროპაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საწინდარია. საქართველო -პოლონეთის პარტნიორობა დიდწილად განაპირობებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შორის თანამშრომლობის მომავალს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით გამართეს შეხვედრა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სექტორული მიმართულებების განვითარებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე პრეზიდენტებმა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატო-ს მოახლოებული სამიტების მოსამზადებელი სამუშაოების შესახებაც ისაუბრეს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

გაფართოებული შეხვედრისას მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს და საგანმანათლებლო – გაცვლითი პროგრამების გააქტიურების შესაძლებლობები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდა 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის პირადად მოიწვია.

image_pdfimage_print

Comments

comments