მთავრობაში მასშტაბური ცვლილებები ჩატარდა

საქართველოს მთავრობაში მასშტაბური ცვლილებები ჩატარდა, მათ შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა.

„ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა, გვანიჭებს მანდატს, შეუქცევადად განვაგრძოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი. მეტიც, გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც კიდევ უფრო უკეთ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ჩვენს უმთავრეს მიზანს – ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას.

ამისთვის, ვგეგმავთ მთელი რიგი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რომელზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც იგეგმება მთავრობის სტრუქტურის ცვლილება და რომელსაც მოჰყვება შესაბამისი საკადრო გადაადგილებები შემდეგი მიმართულებებით:

• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას.

• ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად. შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად, მინისტრი ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს. გიორგი გახარია სწორედ მენეჯერული გამოცდილებით არის შერჩეული ამ პოსტზე და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება.

• აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი.

• ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორია. მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება და აჩვენა კონკრეტული შედეგები „საქართველოს რკინიგზის“ მართვის პირობებში. სწორედ ამ პერიოდში მოხდა საქართველოს რკინიგზის ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში, დაიწყო ყურის ქვეყნებისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე ძალიან აქტიური მუშაობა; მოხდა თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა და ახალი, თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა.

• განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია და მას კარგად იცნობენ აკადემიურ წრეებში. მიხეილ ჩხენკელი პროფესიით გახლავთ მათემატიკოსი. მან აშშ–ში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა.იგი კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები მრავალ წამყვან უნივერსიტეტთან, მათ შორის ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, და ა.შ.

• კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე. ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტის განათლებასთან გაერთიანება, ერთის მხრივ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს ახალგაზრდულ მიმართულებას და მოახდენს მის ინტეგრაციას განათლების რეფორმასთან. მეორეს მხრივ, რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, მისი ინტეგრაცია კულტურასთან თანასწორ შესაძლებლობებს გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მართვას.

• გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში – ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში. მსგავსი მოდელებია პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში.

• საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.

 პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. ამ სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა. ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დავამტკიცებთ, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდენს კოორდინაციას ცვლილებების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, მინდა ვთხოვო პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ რეფორმებს, რათა ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე, უმოკლეს ვადაში დასრულდეს.

საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ, სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით წარვდგებით პარლამენტის წინაშე ნდობის განსაახლებლად. ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები შეეხო და რომლებიც, ბუნებრივია, ჩვენი გუნდის წევრებად რჩებიან, დიდ მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისათვის.

რაც შეეხება სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების არსს, რატომ არის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი? ჩვენი ყველა საარჩევნო დაპირება და რეფორმა ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და სწრაფ განვითარებას. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება.  თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი ჩამოყალიბდეს, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია. სწორედ ესაა დაგეგმილი ცვლილებების არსი.  დარწმუნებული ვარ, რეფორმები და ცვლილებები ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

image_pdfimage_print

Comments

comments