BBC: მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი

Neolithic jarსაქართველო მეღვინეობის სამშობლოდ შესაძლოა ოფიციალურად აღიარონ. ამერიკული სამეცნიერო ჟურნალი PNAS-ი ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულმა ტომებმა მეღვინეობა 8000 წლის წინ დაიწყეს.

ვარაუდი ეფუძნება თბილისიდან 50 კილომეტრით სამხრეთით მდებარე გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში,  არქეოლოგიურ ძეგლ შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაზე ჩატარებულ გათხრებს, სადაც აღმოჩენილია ღვინით გაჟღენთილი ქვევრი და თიხის ჭურჭელი, რომელიც 80 საუკუნის ასაკისაა. ეს კი 1000 წლით აღემატება ღვინის წარმოების დაწყების პერიოდად ამჟამად მიჩნეულ თარიღს.

ქართულ ღვინოს სტატია BBC-მ მიუძღვნა. გამოცემის ცნობით, ეს არის მსოფლიოში ღვინის ჭურჭლის დღეისათვის ცნობილი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ იწურებოდა და, საერთოდაც, ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს. ამ აღმოჩენამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ითვლებოდა ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი, რომელიც დაახლოებით 7.000 წლის წინანდელია.

უახლესი ბიომოლეკულური არქეოლოგიური და არქებოტანიკური მტკიცებულების მიხედვით დგინდება, რომ ადრეული ნეოლითის ხანის ღვინო საქართველოში ძველი წელთაღრიცხვის 6 000-5 800 წლებში მზადდებოდა, შემდეგ კი მსოფლიოში გავრცელდა. ღვინის კულტურის სამშობლოს სტატუსი ამ დრომდე ჩინეთს — მდინარე ხუანხეს ხეობას ეკუთვნის, სადაც ძვ. წ. 7000 წლით დათარიღებული ყურძნის ღვინის ქიმიური მტკიცებულებებია აღმოჩენილი. თუმცა, ეს არ იყო კლასიკური ღვინო, 2004 წლის აღმოჩენის მიხედვით, იქ 7 000 წლის წინ ყურძნის, თაფლის, ბრინჯის და ასკილის კოქტეილებს აკეთებდნენ. ამრიგად კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო შესაძლოა ოფიციალურად აღიარონ მეღვინეობის სამშობლოდ. PNAS-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები ქართველი, კანადელი, ამერიკელი, ფრანგი, ისრაელელი და იტალიელი მეცნიერები და პროფესორები არიან.

image_pdfimage_print

Comments

comments