“საქართველოდან რუსეთში ტერორისტების შეღწევის მცდელობაა დაფიქსირებული”

რუსეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სამხედრო კონფლიქტების ზონასთან საქართველოს სიახლოვეს ასახელებს. ინფორმაციას ria.ru    ავრცელებს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას ხელს უშლის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების უქონლობა, რომელიც თბილისმა 2008 წელს ცალმხრივად გააუქმა, არამედ ამ საკითხში დიდ როლს თამაშობს ასევე ამ რეგიონში არსებული უსაფრთხოების არარსებობა. საქართველოსთან ახლოს ხდება სამხედრო კონფლიქტები, დაფიქსირებულია ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწევის მცდელობა. ამიტომ ეს სიტუაცია სერიოზული განხილვის და ექსპერტების ანალიზის საგანს წარმოადგენს“, – განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ გამხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს განუყოფელი ნაწილების ე.წ. აღიარების შემდეგ, საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ამჟამად, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უვიზოდ შეუძლიათ, თუმცა, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში სტუმრობისთვის ვიზები სჭირდებათ. რუსეთის ვიზის მისაღებად საჭიროა ოფიციალური მოწვევა, რომელსაც მიმწვევი მხარე რუსეთის ფედერალურ მიგრაციულ სამსახურში ათანხმებს.

აბაშიძე-კარასინის რიგით მე-16 შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

ria.ru

image_pdfimage_print

Comments

comments