ყვარელში თაფლის გადამამუშავებელი მსხვილი საწარმო აშენდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედ მეფუტკრეობის კოოპერატივებსა და მეფუტკრე ფერმერებს “მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა გააცნო.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენდება თაფლის საწარმო, რომელიც აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით. საწარმოში შესაძლებელი იქნება საათში 800 კგ-მდე თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება, მოეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურა.

პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი კრიტერიუმებით, კოოპერატივში გაერთიანებული მეპაიე-კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 7000 სკა.

წარმოებული თაფლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს ვალდებული იქნება დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობა და HACCP-ის სისტემები.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის თქმით, თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში, გაერთიანებულ მეფუტკრეებს ექნებათ საშუალება გადაამუშაონ წარმოებული თაფლი და მისცენ მას საბოლოო სასაქონლო სახე.

image_pdfimage_print

Comments

comments