კიევში სააკაშვილის დაკავების ფაქტს საქართველოს პროკურატურა ეხმაურება


Задержание Саакашвили в Киевеსაქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ კიევში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალური პროკურატურისგან ინფორმაცია არ მიუღიათ. ამის შესახებ 1tv წერს.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურას გაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისათვის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა.რაც შეეხება უშუალოდ დღეს განვითარებულ მოვლენებს, ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია”, – აცხადებენ პროკურატურაში.

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო დღეს ქვეყნის უმაღლეს რადაში „სენსაციურ“ განცხადებას გააკეთებს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებით. ამ აქციების ორგანიზატორი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც დღეს დააკავეს. ამის შესახებ უმაღლესი რადას ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრმა სერგეი ბერეზენკომ განაცხადა.

„ჩვენ დღეს მივმართეთ გენერალურ პროკურორს და ვთხოვეთ, პარლამენტში მოხსენება გააკეთოს. რასაც ამ მოხსენებიდან მოისმენთ, ვფიქრობ, ნამდვილი სენსაცია იქნება,“- განაცხადა დეპუტატმა ტელეკომპანია 112 Украина-სთან საუბარში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. გამოძიება მაღალჩინოსნის დაკითხვას აპირებს. სააკაშვილის ადვოკატის, პაველ ბოგომაზოვის თქმით,  საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი.

imedinews.ge