სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზადაა ფაროსანასთან ბრძოლის დამატებითი მეთოდებიც განიხილოს

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის უწყებებთან ერთად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგია 2017 წელს ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებებით მიღებულ გამოცდილებას ემყარება და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები (ქიმიური წამლობა).

მავნებლის განადგურების მეთოდების შემუშავებაში აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ ანასეულში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში ბიოლოგიური ლაბორატორია მოეწყობა, სადაც მეცნიერები აქტიურად იმუშავებენ. ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შემუშავების მიზნით, სამეცნიერო წრეებთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები სამინისტროსთან არსებული სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფის ფორმატში.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას განიხილოს მეცნიერების მიერ მოწოდებული კომპეტენტური წინადადებები და მოსაზრებები. (info.moa@gov.ge). დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაგრძელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ენტომოლოგების ჩართულობა მავნებელთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებასა და ღონისძიებების დაგეგმვაში.

image_pdfimage_print

Comments

comments