ლუცენკო: "კურჩენკოს ფულით ნაყიდი სააკაშვილი უკრაინელების ზურგსუკან იმალება"


უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობისას სამართალდამცავები კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ.  მისი თქმით, სამართალდამცველებს უფლება ჰქონდათ სააკაშვილისთვის ცეცხლი გაეხსნათ.

„აღშფოთებული ვარ გუშინ განვითარებული მოვლენების გამო, ბატონ სააკავშილზე ძებნაა გამოცხადებული. უკრაინის უშიშროების საბჭომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის უნდა დააკავონ. ეს არის კანონიერი და აუცილებელი ქმედება ნებისმიერი სახელწმიფოში.

ჩვენ შეგვეძლო ვყოფილიყავით უფრო ეფექტური. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ის 12 თანამშრომელი, რომელსაც სააკაშვილი გუშინ დაკითხვაზე გადაჰყავდა, АТО-ს მონაწილეა. ყველა მათგანმა ბრძოლა გამოიარა. მათ, კანონით, ცეცხლი უნდა გაეხსნათ. მაგრამ, ჩვენ სახელმწიფოზე ვფიქრობთ, სააკაშვილი კი, რომელიც მოტყუებული და კურჩენკოს ფულითაა ნაყიდი, უკრაინელების ზურგსუკან იმალება და პირად კომფორტზე ფიქრობს. ჩვენ სახელმწიფოზე ფიქრს ვაგრძელებთ და ამის გამო ჩვენთვის მინიჭებულ უფლებებს ხანდახან არ ვიყენებთ, მაგრამ სააკაშვილს მაინც დავაკავებთ,“- განაცხადა ლუცენკომ და სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაკითხვაზე ნებაყოფლობით გამოცხადდეს.

ლუცენკოს თქმით, ყველაზე კარგი, რაც სააკაშვილს შეუძლია გააკეთოს, თუ კაცია და თუ ცოტათი მაინც უყვარს უკრაინა –  მივიდეს დაკითხვაზე, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომ უკრაინა არ გაანადგუროს. გენერალური პროკურორი აღნიშნავს, რომ  სააკაშვილს ბრალდების დადგენილება მისამართზე გაეგზავნა, დღის ბოლოსთვის დადგენილება უკვე ჩაბარებულად ჩაითვლება და სააკაშვილს ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭება.

მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს, თუმცა მხარდამჭერებმა ის მიკროავტობუსიდან დაიხსნეს. ბორკილდადებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა და  გენერალური პროკურორის ბრალდებას ტყუილი უწოდა.