ირაკლი კობახიძე შვედეთის მეფეს შეხვდა


Фото საქართველოს პარლამენტი.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება, შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI-მ მიიღო.

ირაკლი კობახიძემ და კარლ გუსტავ XVI-მ საქართველოსა და შვედეთის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. შვედეთის მეფის განცხადებით, მისი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და შვედეთის მონარქმა აღნიშნეს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გააქტიურდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც დელეგაციასთან ერთად შვედეთის სამეფოში იმყოფება, ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ მარგოტ ვალსტრომთან გამართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგი) თავმჯდომარე ურბან ალინს და რიკსდაგის წევრებს შეხვდა.  მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გააქტიურებაში განსაკუთრებული როლი აქვს მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას, რაც მხარეების შეფასებით, დინამიურად ვითარდება.Фото საქართველოს პარლამენტი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი და რიკსდაგი აქტიურად ითანამშრომლებენ გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, ასევე, ინტენსიურ ხასიათს შეიძენს გაცვლითი ვიზიტებიც. საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, რომლებიც, ირაკლი კობახიძის თქმით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს.

“დღეს შვედეთის სამეფოში ჩვენი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. გავმართეთ სამი მნიშვნელოვანი შეხვედრა. შევხვდით შვედეთის მეფეს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს. შეხვედრებზე განვიხილეთ საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის საკითხები, ვისაუბრეთ ასევე, შვედეთის მხარდაჭერაზე, რომელსაც ის აღმოუჩენს ჩვენს ქვეყანას გასული წლების განმავლობაში. მადლობა გადავუხადეთ ამ მხარდაჭერისთვის. ვისაუბრეთ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რომელიც დაკავშირებულია ევროპულ ინტეგრაციასთან, ნატოში ინტეგრაციასთან და მადლობა გადავუხადეთ ჩვენს შვედ მეგობრებს მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.