2018 წელს თბილისის ავტოპარკს 200-მდე ახალი ავტობუსი შეემატება

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია” 2018 წელს 200-მდე ახალი ავტობუსის შესყიდვაზე კონკურსს გამოაცხადებს. ამის შესახებ კომპანიის ახალმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ განაცხადა.

“ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შესაძენად ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ, რათა ავტობუსების შესაძენად სავარაუდო ფასები მივიღოთ მისი გაბარიტებიდან გამომდინარე. არის მარშრუტები, სადაც გრძელი ავტობუსები ვერ მოძრაობენ. პატარა ავტობუსებია საჭირო.

2018 წლის დასაწყისში შესყიდვაზე კონკურსს გამოვაცხადებთ. პირველ ეტაპზე 200 ერთეულის შეძენა იგეგმება. შემდეგ მგზავრთა ნაკადების კვლევა რასაც გვიჩვენებს, ამის მიხედვით ავტობუსების შეძენა გაგრძელდება. სრული ავტოპარკი, დაახლოებით, 3-4 წელიწადში მთლიანად უნდა იყოს ჩანაცვლებული“, – განაცხადა მამუკა კობახიძემ

კობახიძის თქმით, მერიის მიერ დაქირავებული ერთ-ერთი კომპანია საქალაქო ტრანსპორტში (მეტროში, ავტობუსსა და სამარშრუტო ტაქსებში) ყველა მარშრუტზე მგზავრთა ნაკადებს ითვლის. მან აღნიშნა, რომ მომავალ  წელს დედაქალაქს შესაძლოა ავტობუსის ახალი ხაზებიც დაემატოს.

www.interpressnews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments