ლუცენკოს თქმით, სააკაშვილის საქმის გამო მასზე ზეწოლა ხორციელდება

როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი ამტკიცებს,  სააკაშვილის საქმეში ბრალდებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს და  სასამართლოს აპელაციით მიმართვას აპირებს. იური ლუცენკოს თქმით,  საქმის პოლიტიზირების გამო ზეწოლა მასზეც  ხორციელდება.

„მე ვერ წარმომიდგენია, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, რომ აპატრიდმა ადამიანმა დაარღვიოს საზღვარი, ამის შემდეგ ორგანიზება გაუწიოს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას და მიუხედავად ამისა სასამართლომ ის გაუშვას. ჩვენ ვაპირებთ აპელაციით მივმართოთ სასამართლოს. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ სააკაშვილის და კურჩენკოს საუბარი ნამდვილი იყო, ამისთვის მოვიწვევთ FBI-ს და სკოტლანდ იარდის ექსპერტებს. ვფიქრობ, ახლა ამ საქმის დანგრევას, მისი პოლიტიზირებით ცდილობენ. ბოლო კვირის განმავლობაში ჩემზე კოლოსალური ზეწოლა ხორციელდება, იმისთვის რომ მე თვალი დავხუჭო იმაზე, რის უფლებასაც თავისთავს აპატრიდი სააკაშვილი აძლევს.“- აღნიშნა ლუცენკომ.

ამა წლის 26 ივლისს  მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეობა შეუწყვიტა. ამრიგად სააკაშვილი, რომელმაც მანამდე საქართველოს მოქალაქეობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა, მოქალაქეობის არმქონე პირი, ანუ აპატრიდი გახდა. გაეროს შეფასებით, მსოფლიოში დღეს მოქალაქეობა დაახლოებით 15 მილიონზე მეტ ადამიანს არ აქვს.

იური ლუცენკოს განაცხადებით გენპროკურატურა მზადაა სააკაშვილისა და კურჩენკოს საუბრის ჩანაწერის ექსპერტიზაში დახმარება ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს და სკოტლანდ იარდს სთხოვოს.

„ჩვენ მხად ვართ მოვიწვიოთ FBI- ს ან სკოტლანდ იარდის ექსპერტები, იმისთვის რომ მათ ჩვენ ექსპერტებთან ერთად შეამოწმონ ამ ჩანაწერების ნამდვილობა. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს შესაძლებელი და აუცილებელად გასაკეთებელია.“- განაცხადა გენპროკურორმა ICTV-ის ეთერში.

მან აღნიშნა, რომ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმისთვის, რომ სააკაშვილის დანაშაული დაამტკიცოს. ლუცენკო დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი უდანაშაულო იქნებოდა, ის გამოძიებასთან ითანამშრომლებდა.

„მე დავიცავ ჩემს სახელმწიფოს, იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმე ეხება სააკაშვილს, რომელთანაც ბევრი წელი საკმაოდ თბილი ურთიერთობა მაკავშირებდა. მან გადაკვეთა წითელი ხაზები. არავის აქვს უფლება, ვისაც უკრაინა უყვარს, რომ ხელისუფლების დასამხობად იანუკოვიჩის ფული აიღოს.“- განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

image_pdfimage_print

Comments

comments