დაპირისპირება “უცნობსა” და სამთავრობო გუნდს შორის

გია გაჩეჩილაძესა და სამთავრობო გუნდს შორის დაპირისპირება გრძელდება. დღეს პრემიერ–მინისტრმა ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ  ტარიელ ხეჩიკაშვილი ღირსეული ადამიანია, რომელსაც ბიზნესი და სახელმწიფოებრივი საქმიანობა ერთმანეთში არასდროს აურევია.

“ტარიელ ხეჩიკაშვილმა თავისი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი გააკეთა. დაასრულა გაუთავებელი კონფლიქტები სპორტულ ფედერაციებში; ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა წამოიწყო ახალგაზრდობისთვის. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ. არ მჭირდება ასეთი ქება, თავისი სიტყვები წაიღოს უკან”, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს და  თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო,  მზად არის თანამდებობა დატოვოს. ხოლო თუ თუ დადასტურდა, რომ ყველაფერი კანონის დაცვით იყო,  გია გაჩეჩილაძესგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.

ტენდერების არაკეთილსინდისიერად ჩატარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ეხმიანება და იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც “სიტროენ ჯორჯიამ” ტენდერში ვერ გაიმარჯვა. უწყების ცნობით, ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი “სიტროენ ჯორჯიამ” წარმოადგინა, თუმცა “მიეცა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო”.

კონკურენციის სააგენტო შპს „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარზე მოკვლევის დაწყების ან უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას 30 დღის ვადაში მიიღებს.  სააგენტოში აცხადებენ, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საჩივარი წარმოადგინა, სადაც საუბარია სახელმწიფო შესყიდვებში შეთანხმებული მოქმედების შესახებ. საჩივარი, დაახლოებით, 100 გვერდს შეადგენს.

„კონკურენციის სააგენტომ საჩივარი დაუყოვნებლივ გადაუგზავნა მოპასუხე მხარეებს, საპასუხო პოზიციის წარმოდგენის მიზნით, როგორც ამას ითვალისწინებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი. კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო საჩივარს 30 დღის ვადაში შეისწავლის და მხარეთა პოზიციების შეჯერების საფუძველზე, მიიღებს გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების ან მოკვლევაზე უარის თქმის თაობაზე, რის შესახებაც მომჩივანს დაუყოვნებლივ ეცნობება“, – ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გია გაჩეჩილაძის განცხადებით, მან ტენდერებთან დაკავშირებით სასამართლოს გარკვეული პერიოდის წინ,  ხოლო გუშინ  კონკურენციის სააგენტოს მიმართა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments