მიიღებს თუა არა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივი აირის ვაუჩერს?

“კომერსანტის” მიერ გავრცელებეული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოსახლეობამ, შესაძლოა, ბუნებრივი აირის ვაუჩერი აღარ მიიღოს. ამ საკითხთან დაკავშირებით  მთავრობა ჯერ ისევ ფიქრობს, რადგან  ამისთვის 2018 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის. გასულ წელს 11 894 ოჯახისთვის 200 ლარიანი ვაუჩერის გადასაცემად მთავრობამ 2, 378 ათასი ლარი გამოყო. 

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. ადგილობრივთა დიდი ნაწილი ზამთარს მოუმზადებელი შეხვდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ადგილობრივები ამბობენ, რომ ბუნებრივი აირი ძვირია და მწირი შემოსავლის გამო გადასახადებს ვერ იხდიან. ამიტომ ხშირად შეშის ღუმელით გათბობა უწევთ. თუმცა აქ მეორე პრობლემა ჩნდება. ფიჩხს გლეხები საოკუპაციო ხაზთან მდებარე ტყეში აგროვებენ, რის გამოც ოკუპანტების სამიზნე ხშირად ხდებიან. ადგილობრივებს ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ და მათ ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

2017 წლის თებერვალში მთვარობის გადაწყვეტილება, ე.წ. საზღვართან მცხოვრები მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ვაუჩერის გადაცემასთან დაკავშრებით შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გაახმოვანა. აპირებს თუ არა 2018 წელს ხელისუფლება 200 ლარიანი ვაუჩერის ჩანაცვლებას ან რაიმე სახის შეღავათების დაწესებას ე.წ. საზღვირსპირა სოფლებში მცხოვრებლებსთვის – „კომერსანტი“ სწორედ აღნიშნულ უწყებას დაუკავშირდა. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატში ჯერჯერობით ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ დაურიგდება თუ არა  ბუნებრივი აირის ვაუჩერი მოსახლეობას.

„ამაზე ვმუშაობთ, თუმცა ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დასრულდება სამუშაო პროცესი და შემდეგ გავავრცელებთ ინფორმაციას“,-განმარტავენ უწყებაში.

ადგილობრივებისთვის ზამთარში ბუნებრივი აირის მოხმარებისთვის 200 ლარიანი დახმარებაც მიზერული იყო, თუმცა მათ მიერ არჩეულმა  ხელისუფლებამ ახლა შესაძლოა, ამაზეც უარს უთხრას.

ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებლების სოციალური პრობლემები მთავრობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობაცაა. ამიტომ „კომერსანტი“ დაინტერესდა, რას აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება ამ ადამიანების დასახმარებლად. როგორც შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბუნებრივ აირზე ვაუჩერების გაცემა ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციაა.

„აქ ბიუჯეტირების საკითხია. ვაუჩერების გაცემა ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციაა. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლება იმ მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე, რომელიც აქვს და, რომელიც მიმართულია უფრო კონკრეტული პროექტებისკენ, ასეთ საკითხებს ვერ უზრუნველყოფს. რაც შეეხება ამ დაფინანსების საკითხს, არც გუბერნატორის ადმინისტრაციის და არც ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში არ შედის. ჯერ პროგრამული ბიუჯეტი შემუშავებული არ არის შესაბამისად, არ არის განსაზღვრული, იქნება თუ არა ამ მიმართულებით ბიუჯეტში რაიმე თანხა გამოყოფილი საზღვრისპირა მცხოვრები მოსახლეობისთვის“,- განაცხადეს შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

რატომ ხდება ბუნებრივი აირისთვის დახმარების გამოყოფა თებერვალში,  როცა ზამთარი დეკემბერში იწყება? როგორ შეძლებენ ე.წ. საზღვრისპირა  სოფლებში მცხოვრებლები ცივ ზამთართან გამკლავებას სახელმწიფოსგან ყოველგვარი დახმარების გარეშე და გადაწყვეტს თუ არა მთავრობა ახალი დადგენილების მიღებას 2018 წელს, ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ ის, რომ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, ისიც ფაქტია.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments