ნისიად მცხოვრები ერი

https://ribalych.ru/wp-content/uploads/2017/10/syr-iz-myshelovki_000-768x512.jpgგიყვართ არითმეტიკა? მაშინ დავიწყოთ.

გასულ  წელს საქრთველოში 1 095 216 ცალი ახალი  მობილური ტელეფონი გაიყიდა.   საქსტატის  ინფორმაცით კი  საშუალო ხელფასი 2016 წელს 940 ლარი იყო. გაყიდული ტელეფონების  საერთო ღირებულებამ  120 მილიონი დოლარი  ანუ 324 მილიონი ლარი  შეადგინა. საშუალოდ მობილურის ღირებულება  კი 109 დოლარი ანუ 296 ლარია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ  რიგითი მოქალაქე საშუალო ხელფასზე ბევრად ნაკლებს გამოიმუშავებს ან საერთოდ უმუშევარია, შენაძენის გაკეთება უმეტესობას განვადებით უწევს. ამიტომ, სავსებით დასაშვებია, რომ ახალნაყიდმა ტექნიკამ მალევე  ლომბარდების საცავებში გადაინაცვლოს.

ამოცანა გვეკითხება, საერთო ჯამში რამდენი ლარი ექნებათ გადასახდელი დამგირავებლებს, თუ  მოსახლეობა 3.7 მილიონს  შეადგენს, ქვეყანაში კი 1000-ზე მეტი  ლომბარდია? და შეძლებენ თუ არა საკუთარი ნივთების გამოსყიდვას?

აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით ტელეფონებში გადახდილი თანხა 25 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. მობილური ტელეფონების გარდა,  2016 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან 112 667 ცალი ტელევიზორი შემოვიდა,  108 615 ცალი სარეცხი მანქანა და 65 542 ცალი კონდიციონერი.  ინფორმაციას  საქსტატი ავრცელებს.

რატომღაც ქართველებს ნისიად ცხოვრება მანკიერ ჩვევად ექცათ. ბანკებმაც აიტაცეს ეს ტალღა, განვადებებსა და კრედიტებს უკვე თითქმის განურჩევლად იძლევიან. „მიიღე“, „აიღე“, „აისრულე“, „გაახარე“ და სხვა მსგავსი წამახალისებელი სლოგანებით მომხმარებლის „ეგოს“ ანებივრებენ და უბიძგებენ, არაგათვალისწინებული ხარჯები გაწიოს.

ინფლაციისა და მზარდი ფასების პირობებში, მცირე ხელფასით ნაყიდი ნივთი, უპროცენტო განვადებითაც კი,  ოჯახის ბიუჯეტს საგრძნობლად აზარალებს. საარსებო თანხის ანდა ნივთის საფასურის დაფარვისთვის საჭირო ფულის მისაღებად მოქალაქე ლომბარდს მიმართავს და ასეთ სასიამოვნო შენაძენს მაღალი პროცენტის პირობით აგირავებს. გამოიტანს თუ არა ნივთს ლომბარდიდან, კიდევ საკითხავია. ამრიგად, ნისიად ცხოვრების მოყვარული ვალების წრეში ექცევა, საიდანაც თავის დაღწევა უფრო და უფრო უჭირს.

საქართველოში სალომბარდო  ბიზნესი  სახელმწიფოს კონტროლის მიღმაა დარჩენილი, ასე რომ ლომბარდის მფლობელები სახელმწიფოს წინაშე არ არიან ანგარიშვალდებულნი, არც მათ მიერ გაცემული სესხებისა და მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ ასაჯაროებენ ინფორმაციას. თუმცა, საქართველოს ისედაც შემცირებული და გაღარიბებული მოსახლეობის გათვალისწინებით, კლიენტთა რაოდენობის  გამოანგარიშება  საკმაოდ მარტივი იქნება.

 საბანკო სისტემის ექსპერტის  ლია ელიავა აზრით,  ლომბარდებში ჩაბარებული ნივთების რაოდენობის მატება მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემის მანიშნებელია. როგორც მან  bpn-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მსოფლიოში მიმდინარე ნეგატიური ეკონომიკური პროცესები არა მხოლოდ  ქვეყნის ეკონომიკაზე, არამედ  საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზეც აისახება.

„ ცივილიზებულ ქვეყნებში სალომბარდო საქმიანობის შესახებ სპეციალური კანონი არსებობს. ჩვენთან კი  ეს ბაზარი საკმაოდ ველური და დაურეგულირებელია. მართალია, ევროპაში გაწევრიანებას ვჩქარობთ, თუმცა, ურიგო არ იქნება სახელმწიფო ევროპული სტანდარტების დანერგვაზეც თუ იზრუნებს და მომხმარებელთა ინტერესებს კანონით დაიცავს”.  – განაცახადა ლია ელიავამ.

მომხმარებელთა უფლებების დაცვისა კი რა მოგახსენოთ, როდესაც ქვეყანაში კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“  გაუქმებულია…

ანა ბახტაძე

image_pdfimage_print

Comments

comments