კომუნიკაციების ომბუდსმენი:”გარკვეული ინტერნეტ თამაშების გამო ბავშვები სავალალო შედეგებამდე მიდიან”

კომუნიკაციების ომბუდსმენი  ინტერნეტ-სივრცეში მოზარდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. როგორც თამთა ტეფნაძე აცხადებს, არსებობს ინფორმაციები, რომ გარკვეული ინტერნეტ თამაშების გამო ბავშვები სავალალო შედეგებამდე მიდიან, თუმცა ინტერნეტი მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში არ უნდა იქნას განხილული.

მისი თქმით, ინტერნეტში მოზარდები აწყდებიან კონტენტისა და კონტაქტის საფრთხეს – არსებობს ზიანის მომტანი კონტაქტები, რომელმაც ბავშვი შეიძლება გახადოს ბულინგის, ძალადობის, დევნის მსხვერპლი, ასევე, პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების პრობლემა შეიძლება შეიქმნას, თუ ბავშვი გაუაზრებლად, ონლაინ შესყიდვებს მშობლის ელექტრონული ბარათის მეშვეობით განახორციელებს მოზარდისთვის ონლაინ სივრცისგან მიყენებული ზიანი შეიძლება იყოს მორალური და სოციალური განვითარების შეფერხება ან უფრო უარესი – ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის ხელყოფა.

„ზოგადად, ინტერნეტი არ უნდა იქნას განხილული ნეგატიურ კონტექსტში იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია ახალგაზრდებისთვის განათლების, განვითარების, სოციალიზაციისა და თვითგამოხატვის თვალსაზრისით, თუმცა რისკები არსებობს იმდენად, რამდენადაც, ონლაინ სივრცეში არასრულწლოვანი შეიძლება ადვილად გადააწყდეს ისეთ ინფორმაციას, რომლის შედეგადაც, მან განიცადოს გარკვეული მავნე ზეგავლენა, რადგან ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს აგრესიული, ნეგატიური, შეცდომაში შემყვანი, რასისტული, პორნოგრაფიული და ამგვარად მის ფიზიკურ-ფსიკიქურ ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, ასევე სოციალურ და მორალურ განვითარებასაც შეუშალოს ხელი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რა გვაქვს საკანონმდებლო დონეზე და რა უნდა გვქონდეს“, – განაცხადა თამთა ტეფნაძემ.

კომუნიკაციის ომბუდსმენის განცხადებით, მოზარდებისთვის ნეგატიური და საფრთხის შემცველი ინფორმაციის თავიდან არიდების მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნას გარკვეული ფილტრი ინტერნეტ პროვაიდერებთან შეთანხმებით, თუმცა „დაუშვებელი პროდუქციის“ განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის ღირებულებები, რომელსაც გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს. თამთა ტეფნაძის განცხადებით, ონლაინ რისკებისგან ბავშვების დასაცავად პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც მშობლებისთვის ქმნის ბერკეტს, გააკონტროლონ ონლაინ სივრცეში არასრულწლოვნების მოქმედებები.

„თუკი მშობელი ჩათვლის, რომ ამა თუ იმ ინფორმაციით, კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვმა შეიძლება მავნე ზეგავლენა განიცადოს, რა თქმა უნდა, მშობელს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მოახდინოს რეაგირება. ეს კანონპროექტი საფილტრო პროგრამასაც ითვალისწინებს“, – აღნიშნა  ტეფნაძემ.

კომუნიკაციის ომბუდსმენის თქმით, განვითარებული ევროპული ქვეყნების პრაქტიკაში მეტი წილი ყურადღება გამახვილებულია მშობლებისა და ბავშვების ინფორმირებულობაზე – სრულყოფილად აწვდიან ინფორმაციას, თუ რა რისკებთან შეიძლება ჰქონდეთ შემხებლობა ინტერნეტის მოხმარებისას.

image_pdfimage_print

Comments

comments