100 წლის შემდეგ თსუ–ში “ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება” აღადგინეს

Картинки по запросу ივანე ჯავახიშვილიდღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების” აღდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,  სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საზოგადოება, რომელიც უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვას ისახავს მიზნად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს აერთიანებს. თსუ-ში „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ დაფუძნებისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილია 1917 წელს დაარსებული ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების კრებისა და მმართველი ორგანოების ოქმები, საზოგადოების წევრთა სიები, შემოწირულობის დავთრები, დებულება, ამ საზოგადოების წევრებთა ფოტოპორტრეტები და ახლადდაარსებული უნივერსიტეტის ბეჭედი (ესკიზის ავტორი მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე).

ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება ზუსტად ასი წლის წინ,  1917 წელს შეიქმნა და კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაფუძნებას დაისახა მიზნად. უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებლები პირველად 1917 წლის 12 მაისს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში შეიკრიბნენ. საზოგადოებამ, რომელმაც დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში, შეძლო უნივერსიტეტის დასაარსებლად საჭირო ფინანსური სახსრების მოძიება. 1917 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის გასახსნელად კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა.

1917 წლის 3 ოქტომბერს კი ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების პირველ საერთო კრებაზე ივანე ჯავახიშვილმა უკვე უნივერსიტეტის „დებულებანი და წესდება“ წარადგინა. 1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) ამიერკავკასიის კომისარიატმა წესდების ძირითადი დებულება საბოლოოდ დაამტკიცა, შედეგად ზუსტად 100 წლის წინ 1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიულად დაფუძნდა.

***

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას, 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით, 26 იანვარს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე 2018 წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით გაიმართება – ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღო.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების მთელი ქვეყნის მასშტაბითა და საერთაშორისო დონეზე დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის შექმნილია სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან მინისტრთა კაბინეტის, პარლამენტის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები 2017 წლის დეკემბერში დაიწყება და მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.

100 წლის იუბილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხვდება როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულება, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება, 22 ათასამდე სტუდენტი, მათ შორის 600-მდე უცხოელი სწავლობს და რომელიც 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის. (The U.S.News&World Report).

image_pdfimage_print

Comments

comments