მტკვრის ქუჩაზე ისტორიული ნაშთების კონსერვაცია განხორციელდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის საფუძველზე გადაწყდა, რომ  მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი ისტორიული ნაშთების კონსერვაცია კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით განხორციელდება.

თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მტკვრის ქუჩაზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის დროს, აგურით ნაშენი წყალშემკრები საკომუნიკაციო ნაგებობა აღმოაჩინეს. სპეციალისტების თქმით,  რომ ეს აგურის კედლის წყობა ისტორიულად შესაძლოა, მე-19 საუკუნის კოლექტორი იყოს, რომელიც საკომუნიკაციო სისტემებით მტკვარს უერთდებოდა. სპეციალისტების კვლევით დადგინდა, რომ აგურით ნაშენი ნაგებობის არქეოლოგიურ თვალსაჩინოებად შენარჩუნების ძირითად დამაბრკოლებელ გარემოებას გრუნტის წყლები და საბჭოთა პერიოდში დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა წარმოადგენს. არქეოლოგიური ობიექტის ძირი მუდმივად იფარება წყლით, რაც მის დაჭაობებასა და ანტისანიტარიის კერის წარმოქმნას იწვევს.

დასკვნის მიხედვით, ნაგებობის ნაშთების სრულფასოვანი კვლევის მიზნით წარმოებული მიწის სამუშაოები, მომიჯნავე შენობების (საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო) საძირკვლების მოშიშვლებას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პრიორიტეტს თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება წარმოადგენს. შესაბამისად, მტკვრის ქუჩაზე ისტორიული ობიექტის შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ადგილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ გაგრძელდება. ობიექტის კონსერვაციამდე, არქეოლოგიური ნაშთის ანაზომებისა და ფოტო-ფიქსაციის პროცესი ჩატარდება. კონსერვაციის შემდგომ კი, არქეოლოგიური ობიექტის მდებარეობის ადგილზე საინფორმაციო დაფა განთავსდება.

image_pdfimage_print

Comments

comments