წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებისა და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით პრევენციულ ღონისძიებები ტარდება


გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს მოსახლეობას  მოუწოდებს, თავი შეიკავოს წიწვოვანი ნარგავების უკანონო რეალიზაციისგან. წინასაახალწლოდ  გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრო  თბილისში და  საქართველოს რეგიონებში, წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებისა რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ. 

გარემოს დაცვის სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას ხე–ტყის უკანონო მოჭრაზე დაწესებულ ჯარიმებზე. კერძოდ,  სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება 200-დან 400 ლარამდე ჯარიმდება. ამასთან, თუ ქმედება დაცული ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება. კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე. ჯარიმის გარდა  სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დადგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც.

“ნაძვის ხეების რეალიზაცია დასაშვებია თუ იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში – ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები პრევენციულ ღონისძიებებს ე.წ. ცხელ წერტილებში – სახელმწიფო ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე, ქალაქის შემოსასვლელებთან და დასახლებულ პუნქტებში, ასევე საავტომობილო გზებზე ატარებენ. საჯარიმო სანქციები წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე, გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64-ე, 64(1)-ე 66-ე, 151-ე, 151(1)-ე, 128(2)-ე მუხლებით”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.