თავდაპირველად ევროპელები „კრიზისის” ნაცვლად ხმარობდნენ სიტყვას „ ღვთის სასჯელი”

სტიქიური უბედურებები, კატასტროფები, ფინანსური რყევები, მძიმე სოციალური ფონი, უმუშევრობა, კრიმინალის ზრდა და მარავალი სხვა… რომელი ქვეყანა  იტყვის, ამ პრობლემებისგან შორს ვართო?  წლიდან წლამდე განსწავლული ექსპერტებისგან გვესმის ერთი და იგივე განმარტება – კრიზისი. ყველაფრის ბრალი კრიზისიაო, დაიჩემეს და იმას კი ვერაფრით ხსნიან, რატომ არა და არ მთავრდება ეს უბედურება, პირიქით, მრავლდება და მრავლდება…

სერბი მღვდელმთავარი, წმ. ნიკოლოზი  (ველიმიროვიჩი) განმარტავს, რომ    „კრიზისი” – ბერძნული სიტყვაა, თარგმანში იგი „სასჯელს” ნიშნავს, ხოლო წმიდა წერილში სიტყვა „სასჯელი” მრავალგზის გამოიყენება.

“თავდაპირველად ევროპელები, თუკი მათ რაიმე უბედურება დაატყდებოდათ თავს, „კრიზისის” ნაცვლად ხმარობდნენ სიტყვა „სასჯელს”. ეხლა სიტყვა „სასჯელი” შეცვალეს „კრიზისით”, გასაგები – ნაკლებად გასაგებით. თუ გვალვა დადგებოდა, ამბობდნენ: „ღვთის სასჯელი!”, წყალდიდობა – „ღვთის სასჯელი!”. იწყებოდა ომი ან ეპიდემია – „ღვთის სასჯელი!”, „მიწისძვრა – „ღვთის სასჯელი!”, კალიების შემოსევა თუ სხვა უბედურობები, ყოველთვის ერთი და იგივე – „ღვთის სასჯელი!” ეს ნიშნავს, კრიზისი გამოწვეული გვალვით, ომით და ეპიდემიით. და ეხლაც, ამჟამინდელი ფინანსურ – ეკონომიკურ კატასტროფას ხალხი აღიქვამს, როგორც ღვთის სასჯელს, მაგრამ უწოდებს მას არა „სასჯელს”, არამედ – „კრიზისს”. რამეთუ განმრავლდა უბედურება უგუნურებისაგან! ვიდრე წარმოითქმებოდა გასაგები სიტყვა „სასჯელი”, გასაგები იყო მიზეზიც, რომელმაც უბედურებამდე მიიყვანა, ცნობილი იყო მსაჯულიც, უბედურების მომავლენელი, და მიზანიც, რისთვისაც მოუვლინა უბედურება. უმრავლესობისათვის ნაკლებად გასაგები სიტყვის „სასჯელის” „კრიზისით” შეცვლის შემდეგ, არავის შეუძლია ახსნას, თუ რისგანაა იგი, ან ვისგანაა, ან რისთვისაა. მხოლოდ ამით განსხვავდება დღევანდელი კრიზისი იმ კრიზისისაგან, რომელიც გამოწვეულია გვალვით და წყალდიდობით, ომით და ეპიდემიით, კალიების ან სხვა რამის შემოსევით.

შენ მეკითხები ნამდვილი კრიზისის, თუ ღვთის სასჯელის შესახებ? მიზეზი ყოველთვის ერთია. ყველა გვალვის, წყალდიდობის, ეპიდემიის და სხვა უბედურების მიზეზი იგივეა, რაც დღევანდელი კრიზისის: – ღვთისგან განდგომილება! ღვთისგან განდგომის ცოდვამ გამოიწვია ეს კრიზისიც და ღმერთმა მოავლინა იგი, რათა გამოაღვიძოს, გამოაფხიზლოს ადამიანები, რათა ისინი გონს მოეგნენ და დაუბრუნდნენ მას. ცოდვებისთვის არის კრიზისიც. და მართლაც, ღმერთმა გამოიყენა თანამედროვე საშუალებები ადამიანთა შთასაგონებლად: მან მიაყენა დარტყმა ბანაკებს, ბირჟებს, მთელ ფინანსურ სისტემას, ამოუტრიალა დახლები ყველა ზარაფს, როგორც ეს მან ოდესღაც იერუსალიმის ტაძარში გააკეთა. გაუგონარი პანიკა გამოიწვია ვაჭრებსა და ხარკის ამკრეფებს შორის. აღაშფოთა, დაამხო, შერია, აამღვრია, შიში დათესა. და ყველაფერი ეს იმისათვის, რომ გამოიღვიძონ ქედმაღალმა ევროპელმა და ამერიკელმა ბრძნებმა, გონს მოეგონ, გაიხსენონ ღმერთი. იმისათვის, რომ მატერიალური კეთილდღეობის ნავთსაყუდელში მყარად მდგომებმა გაიხსენონ სული, აღიარონ საკუთარი უსამართლობა და მაღალ და ცხოველ ღმერთს თაყვანი სცენ.

რამდენ ხანს გასტანს კრიზისი? მანამ, ვიდრე ქედმაღალი დამნაშავეები არ აღიარებენ ყოვლადძლიერის გამარჯვებას. მანამ, ვიდრე ადამიანები არ მიხვდებიან, რომ გაუგებარი სიტყვა „კრიზისი” გადაიყვანონ თავიანთ მშობლიურ ენაზე და სინანულის ოხვრით წამოიძახონ – „ღვთის სასჯელი!”

ანა ბახტაძე

image_pdfimage_print

Comments

comments