ქართველთა შური

ქართველთა შურმა შეჭამა ბაგრატიონთა სამეფო სახლი. არა მარტო რუსებმა, შურმაც გაუუქმა ქართველებს მეფობა.

ერეკლე II-ის ქვრივი დარეჯანი და მისი შვილები, რომელთაც არ სურდათ, ტახტი უფროს ძეს გიორგეს რგებოდა, ჩუმად, ყოველკგვარი ხერხით ცდილობდნენ ხალხის აღშფოთებას და მეფეს წინააღმდეგ განწყობას. გიორგის გამეფებიდან მეოთხე თვეს ძმები აუჯანყდნენ: იულონი ქართლში გაბატონდა, ვახტანგი – არაგვის ხეობაში, მირიანი – მარტყოფში, ფარნაოზი –სურამში, ალექსანდრე სპარსეთში გაიქცა. ფარნაოზს ბეჭედიც კი ჰქონია წარწერით:”მეფე ფარნაოზ”.

1803 წელს საქართველოდან რუსეთში გარეკილი ერეკლეს შვილები იხსენებდნენ წარსულ დროს, მეფობის დაცემის მიზეზს და ფარნაოზს აბრალებდნენ ყველაზე უმცროსს, ის კი ამბობდა, – მამაჩემის ანდერძით, ყველას რიგრიგობით უნდა გვემეფა, ჰოდა, ჩემი წილი მეფობა ახლა მსურდაო. იცინოდნენ და “მხიარულებით განაზავებდნენ მეფობისა ღირსებათა თვისთა და პატივისა დაკარგვისა სიმწარესა” (პ. იოსელიანი).

***

1812 წელს, რუსეთის წინააღმდეგ კახეთის აჯანყებისას, ბევრმა შეიმოსა “ურცხვინოების სამოსელი”.  ალექსანდრე ბატონიშვილს კვალში ედგა დიმიტრი ორბელიანი რუსის ჯარით. დიმიტრის მანავში ყოფნისას ივრის პირას ორი მეცხვარე თუში მოდიოდა. დაინახა ეს ერმი მუხრანბატონიშვილმა, მოეწონა თუშების ვერცხლით შემკული იარაღი, შეშურდა მათი, შეიპყრო და დიმიტრის მიჰგვარა. იფიცებოდა, ალექსანდრესთან იყვნენ და თოფს გვესროდნენო. თუშები აქეთ ფიცულობდნენ, ცხვრის მეტი არაფერი ვიცითო. არ შეისმინა მათი დიმიტრიმ, ჩამოახრჩობინა და იქვე, მანავს, ცეცხლში დააწვევინა.

***

დავით ულუ
დავით ულუ

ლაშა-გიორგის ძე, მეფე დავით ულუ, ერთხანს ყაენს განუდგა. ამ ამბოხში ქართლის დიდგვაროვანთაგან გვერდით მხოლოდ სარგის ჯაყელი დაუდგა. მაგრამ დადგა ჟამი დაზავებისა. მეფე დავითი და სარგისი ყაენს ურდოში ეწვივნენ. ყველას ეგონა, ყაენი დახოცავდა მათ. რატომ განმიდექითო? – ჰკითხა ყაენმა დავითს, მას კი სათქმელი არაფერი ჰქონდა და სარგის ჯაყელს მოხედა, თითქოს ის იყო ამბოხების მიზეზი. სარგისი არ შეშინდა, დაემხო ყაენის წინაშე და ყველაფერი დაიბრალა. ვინ იცის, რა ეშველებოდათ ქართველებს, ამ დროს ყაენს მაცნე რომ არ მოსვლოდა – ბათუ ყაენი დარუბანდის გზით სალაშქროდ მოდისო. ყაენი ბრძოლისთვის გაემზადა. წინამბრძოლად დავითი დანიშნა, სარგის ჯაყელი წინ დაიყენა. უეცრად ისე მოხდა, რომ შველმა გაირბინა იქვე. სარგის ჯაყელმა ისარი სტყორცნა და მოკლა. მცირე მანძილი განვლეს და ახლა მელა მოკლა ისრით, ცოტა ხანში კიდევ – კურდღელი. მოეწონა ყაენს სარგისი და მტერს რომ სძლია, ჯაყელს კარნუ-ქალაქი და მიმდგომი ქვეყანა უბოძა.

შეშურდათ მავანთ და დავითს ჩააწვეთეს: მეფობაც სარგისს მიეცი ბარემ, ყაენმა ისე განადიდა, აღარ დაგემორჩილებაო. დაიჯერა დავითმა, ეჭვმა და შურმა დაუწყო ღრღნა, მივიდა ყაენის მრჩეველთან ელგონ ნოინთან და უთხრა, თუ ყაენი სარგისს კარნუ-ქალაქს მისცემს, ბარემ გაამეფოსო. გაუკვირდა ნოინს მისი ნათქვამი – ყაენმა მას შენი თანადგომისთვის მისცა ქალაქი და თუ არ გინდა, აღარ მისცემს. თქვენ, ქართველები, არას კეთილს უყოფთ მხნედ მეომართ – განა არ იცი, რომ ამ ომში სარგისმა ყაენი სიკვდილს გადაარჩინაო? ნოინმა ყოველივე მოახსენა ყაენს და მანაც გადაიფიქრა სარგისისთვის კარნუ-ქალაქის მიცემა. ამის შემდეგ სარგისი “გულაღებით და ქვეგამხედვარედ” შეიქმნა პატრონის მიმართ. მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა, შემდგომში დავითმა სარგისი ტფილისში მოიწვია და შეიპყრო. ალბათ მოაკვლევინებდა კიდეც, ისევ მონღოლებს რომ არ ეშველათ. ამის შემდეგ ჯაყელები, ვიდრე გიორგი ბრწყინვალემდე, უშუალოდ ყაენს ემორჩილებოდნენ და არა ქართველთა მეფეს.

***

   ერთხელ სტეფანოზ ქართლის მთავარმა (VII ს.) წმიდა შიოს თაყვანისცემა მოინდომა. წინა დღეს მსახური მიავლინა და შეატყობინა მამასახლისს თავისი მისვლა, მეორე დღეს შიომღვიმის მონასტერში მივიდა და კათოლიკოსი ბართლომეც იახლა. ჯვრებით, სანთლებით, გალობითა და ზარების რეკვით შეხვდნენ კათოლიკოსს ბერები. პატრიარქის ფეხდანადგამ მიწას იღებდნენ ევლოგიად. ლოცვის შემდეგ პატრიარქი  მცხეთაში დაბრუნდა და ბერებმაც ისეთივე პატივით გააცილს. ამის მაყურებელი სტეფანოზი შურით კვდებოდა. იხმო მონასტრის მამასახლისი და ჰკითხა:”ბერო არაკეთილო, განა ერთი დღით ადრე არ იცოდი ჩემი მოსვლა, მცირედი პატივითაც რომ არ შემხვდით, თქვენ ეპისკოპოსს კი თან გადაჰყევით?!” მამასახლისმა მდაბალი ხმით მიუგო: “ეს არის ჩვენი ეკლესიის წესი, ვემსგავსებით ებრაელ ყრმებს, უფალს რომ ადიდებდნენ იერუსალიმში შესვლისას”. სტეფანოზმა თქვა: “ჩემი ტახტი უფროის აღმატებულია ეპისკოპოსისაზე, რათა მე მეფეთა ტახტზე ვზივარ, ისინი კი ღვთის ნაცვალნი არიანო მიწაზე”. “როცა სათნოებით ემსგავსებიან ღმერთს მეფენი, მაშინ არიან მისნი ნაცვალნი, – უთხრა პასუხად მამასახლისმა, – შენ კიდევ, ვხედავ,  ფრიად შორს ხარ ღვთისმსახურებისგან, რადგან შურსა და ამპარტავნებას შეუპყრიხარო.”

განრისხებულმა სტეფანოზმა ორი მამული წაართვა მონასტერს. იმავე ღამეს ძილში წმიდა შიო გამოეცხადა და მიწების დაბრუნება მოსთხოვა. მეორე და მესამე ღამესაც იგივე განმეირდა. შეწუხებულმა სტეფანოზმა მამულების დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ სრული არ იყო მისი სინანული. მაშინ წმიდა შიო ცხადშიც გამოეცხადა და უთხრა, რომ ამ ცოდვის გამო ის დაბრმავდებოდა და გაგიჟდებოდა, ჭკუიდან გადავიდოდა მისი ცოლ-შვილიც. გაცოფებული სტეფანოზი და მისი ცოლ-შვილი ტანსაცმელს იპობდნენ და გაიძახოდნენ, შიოს მიერ ვიტანჯებითო. მსახურებმა შეიპყრეს და შიომღვიმის მონასტერში მიიყვანეს.

წინამძღვარმა წმიდა შიოს საფლავის მიწა წყალში ჩაყარა და ეშმაკეულებს შეასვა. ისინი იმწამსვე გონს მოვიდნენ, მაგრამ სტეფანოზი უსინათლო დარჩა. მაშინ სინანულში ჩავარდნილმა თავისი სამეფო ორი აგარაკიც ღირსი შიოს მონასტერს მიუძღვნა. წინამძღვარმა წმიდა შიოს კვერთხი განბანა, შეასვა სტეფანოზს და თვალისჩინი დაუბრუნა. მადლიერმა სტეფანოზმა ქართლის ეკლესიები ხარკისგან გაათავისუფლა, სვეტიცხოვლის მოპირდაპირე მთაზე ჯვრის  ეკლესია ააშენა. მისმა ცოლმაც ურიცხვი შესაწირი გაიღო წმიდა შიოს მონასტრისადმი, სადაც ყოველ წელს, წმინდანის ხსენების დღეს, ადიოდა ცოლ-ქმარი შვილებითურთ.  მათ შორის იყო მათი ძე, უფლისწული არჩილიც, შემდგომში – მეფე და ქრისტესთვის მოწამე.

karibche.ambebi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments