2018 წლიდან ბაგა–ბაღებში შესაძლოა გადასახადი დააწესონ


მომავალი წლიდან დედაქალაქის ბაგა–ბაღებში შესაძლოა გადასახადი დაწესდეს. თავდაპირველად ეს ინიციატივა პრემიერ–მინისტრმა გაახმოვანა, ხოლო შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკათა ამ თემაზე განმარტება. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ოჯახებმა, რომელთაც საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ეს გადასახადი უნდა გადაიხადონ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად გამოვნახავთ იმ გზას, რომ ერთის მხრივ, ეს მზარდი მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე ჩვენ დავაკმაყოფილოთ, მაგრამ მეორეს მხრივ, მოვნახოთ მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან შეძლებული ადამინებისთვის და ეს არ უნდა იყოს 70 ათასი ქულა, ეს უნდა იყოს უფრო მაღალი ბარიერი, გაცილებით უფრო, ორჯერ, სამჯერ მაღალი ბარიერი, მაგრამ გარკვეული ტიპის ოჯახებისთვის, რომლებსაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ,“ – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

მისი თქმით, საბავშვო ბაღებში ფინანსურ რესურსზე მოთხოვნა კატასტროფულად იზრდება, რასაც დედაქალაქის ბიუჯეტი ვეღარ აუდის.  კახა კალაძე კი აღნიშნავს, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

„საუკეთესო გამოსავალს ვნახავთ. ზოგადად, რეფორმაა გასატარებელი სოციალურად დაუცველების მიმართულებითაც. მოძველდა ის არსებული სტატუსი და ვფიქრობ, ამას გადახედვა სჭირდება. ყველაფერი უნდა დავიწყოთ ბავშვებიდან, პატარებიდან, რომ იმათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს დახმარება და თანადგომა, სახელმწიფო ძალიან დიდ ფულს ხარჯავს და შესაბამისად, სწორად მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა. დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ  2013 წლამდე ბაგა–ბაღებში  ერთ ბავშვზე გადასახადი 40- 50 ლარს შეადგენდა, ხოლო  2013 წლიდან  ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღები უფასო გახდა.  2017 წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებეულებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 94, 881.0 ათასი ლარი გამოიყო, თუმცა ბიუჯეტი გაიზარდა და ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ჯამში მიმდინარე წელს 101, 543.9 ათასი ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტს, საბავშვო ბაღების დაფინანსებისთვის 101 055.8 ათასი ლარია გამოყოფილი. როგორც ამ ციფრებიდან ჩანს,  2012 წელთან შედარებით 2017 წელს თბილისის ბიუჯეტს ბაღების შენახვა თითქმის 4-ჯერ გაეზარდა.