საპატრიარქოს განცხადებას "ქართულ ოცნებაში" ყველა არ ეთანხმება


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე  ნარკოპოლიტიკის საკითხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ  ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტში არის საკითხები, რომლებიც როგორც საპატრიარქოსთვის, ასევე უმრავლესობის ბევრი წარმომადგელისთვის მიუღებელია.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს და თავად პატრიარქის პოზიცია. როგორც ჩვენი გუნდის არაერთმა ლიდერმა განაცხადა, მათ განცხადებას აუცილებლად ყურადღებით მოვეკიდებით. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ისეთი ნარკოპოლიტიკა შევიმუშაოთ, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს, იქნება დაბალანსებული და მოემსახურება ერთი მხრივ, ნარკოდამოკიდებული პირების შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, დაცული იქნება ადამიანის უფლებები. ეს არის ძალიან რთული პროცესი. რთულია კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ მგონია, რომ ეს კონსენსუსი არის შესაძლებელი“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

თუმცა მმართველ გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები არაერთგვაროვანია. საპატრიარქოს  განცხადება  “ქართულ ოცნებაში” ყველა როდი ეთანხმება. დეპუტატთა  ნაწილს მიაჩნია, რომ საპატრიარქოს მხრიდან  საკანონმდებლო პროცესში ჩარევა მიუღებელია.

„როგორც პარლამენტის წევრი, კატეგორიულად ვემიჯნები პარლამენტის გარედან მართულ ნებისმიერ პროცესს, არასამთავრობოებიდან იქნება და მათი დიქტატით გაკეთებულ საკანონმდებლო საქმიანობას ან პირიქით რაიმე სხვა სფეროდან. მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო საქმიანობა ჩვენი კომპეტენცია. პირველ რიგში, მაინტერესებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს თანხმობა უმრავლესობაში“ – აღნიშნავს კობა  ნარჩემაშვილი.

უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ნარკოლიბერალიზაცია გაზრდის ნარკომომხმარებლების რაოდენობას და ამავდროულად კრიმინალს ქვეყანაში.

„კანონპროექტის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში არის მაღალი რისკი, რომ ქვეყანაში არა თუ შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება, არამედ პირიქით, უფრო გაიზარდოს და გაიზარდოს მასთან ერთად ქვეყანაში კრიმინალი. ამიტომ, მე ვფიქრობ, მინიმუმ ეს კანონპროექტი უნდა იქნას შეთანხმებული და მხოლოდ მას შემდეგ იქნას განხილული. თუკი შეთანხმება პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ვერ იქნა მიღწეული, რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტს პერსპექტივა არ ექნება. მე ვფიქრობ, ეს არის სწორი, რომ საპატრიარქო მოუწოდებს ამ ტიპის, ამ მასშტაბის კანონპროექტები იქნას განხილული უფრო ფართო საზოგადოებაში“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.

“საჭიროდ მიგვაჩნია, მოეწყოს აღნიშნული თემის ფართო, საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფალთა, ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, საერთოდ ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს ” -ნათქვამია  საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.