პარლამენტში „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ


დღეს პარლამენტში „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ, რომელიც  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა. შეხვედრაში აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონპროექტის მიმართ შენიშვნები აქვთ.  „სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო შატბერაშვილი აცხადებს, რომ სოციალური მუშაკებს სათანადო კვალიფიკაცია არ გააჩნიათ.

„ამ სფეროში ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც სოციალურ სფეროში არც განათლება და არც შესაბამისი გადამზადება არ აქვთ. გამოდის, რომ ძალიან მოწყვლად ადამიანებთან ვუშვებთ ისეთ მუშაკებს, რომლებსაც სინამდვილეში ცოდნა იმისა, რომ მათ მოემსახურონ, თან ისე, რომ არ ავნონ, არ აქვთ”,- განაცხადა ნინო შატბერაშვილმა.

„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის პროექტის სამუშაო ვერსია გასაცნობად საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სოციალური მუშაობით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს გადაეგზავნა.

სოციალური მუშაკი არის სპეციალისტი,რომელიც უწევს მატერიალურ – საყოფაცხოვრებო და მორალურ–სამართლებრივ დახმარებას ინვალიდებს, მარტოხელა მოხუცებს, მრავალშვილიან დედებს, ობოლ ბავშვებს, მძიმედ დაავადებულ პირებს, ნარკომანებს და ალკოჰოლიკებს, სტიქიური უბედურების, ეკოლოგიური კატასტროფების,ნაციონალური კონფლიქტების, საომარი მოქმედებების, ახლობლების ან საცხოვრებლის დაკარგვის შედეგად ფსიქოლოგიურ დეპრესიაში მყოფ პირებს.