ჯორჯ სოროსი:„სააკაშვილი ღია საზოგადოების ღირებულებების ერთგული არ აღმოჩნდა”

ჯორჯ სოროსის განცხადებით, იგი ნაციონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აპირებს – იდეოლოგიის, რომელსაც იგი „დომინანტს“ უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მილიარდერმა ინვესტორმა Financial Times-თან ისაუბრა. საუბარი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო.

„დეჟა ვუ მაქვს – მსოფლიოში დომინანტი იდეოლოგია კვლავ ნაციონალიზმია. ევროკავშირი დაშლის პირას არის, რუსეთი კი ძალას იკრებს – ქვეყანა, რომელიც ნაციონალიზმზეა დაფუძნებული,“ განაცხადა მან.

უკანასკნელ პერიოდში სოროსი არაერთი ინფორმაციული თავდასხმის ობიექტი გახდა. მისი აზრით, აღნიშნული თავდასხმების უკან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დგას. მისი აზრით, პუტინის ანტიპათიის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სოროსი 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერდა.

სოროსი აღიარებს, რომ იგი ყოველთვის სწორ არჩევანს არ აკეთებდა.

„სააკაშვილი ღია საზოგადოების ღირებულებების ერთგული არ აღმოჩნდა – იმ ღირებულებების, რომლებსაც იგი ოპოზიციაში ყოფნის დროს ატარებდა. მე მივიღე მტკივნეული გაკვეთილი – დისტანცია უნდა დავიჭირო იმ ქვეყნების შიდა პოლიტიკისგან, სადაც ჩემი ფონდი ოპერირებს,” განაცხადა სოროსმა.

ჯორჯ სოროსის ორგანიზაცია „ღია საზოგადოება“ მსოფლიოს 140 ქვეყანაში ოპერირებს. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის მთავარ მიზანს „ტოლერანტული დემოკრატიის შენება“ წარმოადგენს. ფონდი 1979 წელს დაარსდა და მას შემდეგ ჯორჯ სოროსს, ფონდის დასაფინანსებლად, $14 მილიარდი აქვს გაცემული. ჯორჯ სოროსი დაახლოებით $25 მილიარდს ფლობს. მას უწოდებენ ადამიანს, „რომელმაც ინგლისის ბანკი გატეხა.“ 1992 წლის სექტემბერში გირვანქა სტერლინგის წინააღმდეგ სპეკულაცია ჩაატარა, რის შედეგადაც მან $1-1.5 მილიარდამდე გამოიმუშავა.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments