“საქართველოს შეფასებისას Freedom House-ი ცდება”

სოზარ სუბარი Freedom House-ის ანგარიშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შეფასება, თითქოს საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა, მცდარია. ორგანიზაცია ცდება თუ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებების გამო მოახვედრა, მიაჩნია მინისტრს.

“როდესაც ნაკლებად თავისუფალ ქვეყნად დასახელების საფუძვლად აღებული არის მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში Freedom House ცდება. საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველოს საკონსტიტუციო მოწყობა არის გაცილებით წინ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ნებისმიერ პარტიას აქვს მოგების შანსი, ვისაც აქვს მხარდაჭერა და ვისაც არ ექნება მხარდაჭერა 0,1%-იანი პარტიების რიგში დარჩება”, – თქვა სოზარ სუბარმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის შედეგების მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. Freedom House –ი ოპოზიციის მიზანმიმართულ დასუსტებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყოველივე ბიძინა ივანიშვილის მფარველობით ხდება.

“მმართველი კოალიციის მიერ განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა მომავალ არჩევნებში ისედაც დასუსტებულ ოპოზიციას გამარჯვების შანსები შეუმცირა და გაამყარა “ქართული ოცნების” მმართველობა კიდევ წლების განმავლობაში, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მფარველობს”, – წერია ანგარიშში.

 

image_pdfimage_print

Comments

comments