ესტაკადის მშენებლობისთვის 62 ხე და 200-მდე ხე-ბუჩქი მოიჭრება

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელშიც წერია, რომ ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის პროცესში 62 ხე და 200-მდე ხე-ბუჩქი მოიჭრება.  ინფორმაციას imedinews.ge– ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, სულ აღრიცხულია 89 ძირი 8სმ და მეტი დიამეტრის ხე. აქედან მოსაჭრელია 62 ძირი, ხოლო გადასარგავი 27 ძირი ხე. ასევე აღრიცხულია 8 სანტიმეტრზე ნაკლები დიამეტრის 214 ძირი ხე-ბუჩქნარი. აქედან მოსაჭრელი –198, ხოლო გადასარგავი – 16 ძირი. სარაჯიშვილისა და მარშალ გელოვანის ქუჩების გადაკვეთაზე ესტაკადის ასაშენებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა. ესტაკადის მშენებლობა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს.

პროექტის თანახმად, გოძიაშვილის ქუჩა, მარშალ გელოვანს ესტაკადით შეუერთდება და ავტომობილები შუქნიშნის გარეშე იმოძრავებენ. იგეგმება ორდონიანი კვანძის მოწყობა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4,3 მილიონი ლარია.

ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა 2017 წელს იგეგმებოდა, თუმცა როგორც მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა “სხვა პროექტები უფრო პრიორიტეტული იყო” და მათ შორის პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია დაასახელა.

ნოემბერში, როდესაც ამ ესტაკადის შესახებ მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ვაშლიჯვრიდან გელოვანის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე მუდმივი საცობები დაასახელა.

ტენდერში მონაწილეთა წინადადებებს 3-დან 8 თებერვლამდე მიიღებენ.

image_pdfimage_print

Comments

comments