“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება საბოლოოა”

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ  გრიგოლ კარასინმა  რუსულ მედიასაშუალება  kommersant.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.  საუბარში კარასინი რუსულ–ქართულ ურთიერთობებსაც შეეხო  და აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება საბოლოოა და რუსეთი მის გადახედვას არ აპირებს. 

„დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ გაწყვიტა. თბილისის თვალსაზრისით ურთიერთობის აღდგენის პირობა უნდა იყოს რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება. ამაზე ჩვენ არ წავალთ. აღიარების გადაწყვეტილება საბოლოოა. ჩვენ ვავითარებთ მეკავშირულ ურთიერთობებს ამ ახალგაზრდა კავკასიურ რესპუბლიკებთან. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი სამართლებრივი ბაზა, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც კი ქართული მხარე მზად იქნება ახალი რეალობის გათვალისწინებით აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენ დაუყოვნებლივ პოზიტიურ რეაგირებას მოვახდენთ.“- განაცხადა კარასინმა.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ბოდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით კარასინმა საქართველოს მხრიდან გამოთქმულ პროტესტს პროპაგანდისტული შოუ უწოდა.

“სამწუხაროდ, ქართული მხარე, იმის ნაცვლად რომ კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში, ორიენტირებულია პროპაგანდისტული შოუს დადგმაზე, იმისთვის, რომ „ახალი ბერლინის კედლის“ თეზისი გაამართლოს. ეს სასაცილოც კი ხდება: უცხოელ სტუმრებთან საურთიერთობოდ და ინტერვიუს ჩასაწერად დაქირავებული ჰყავთ კონკრეტული ადგილობრივი გლეხი, რომელიც მორიგეობით ერთი და იგივე ტექსტით საუბრობს.“- განაცხადა კარასინმა.

მან აღნიშნა, რომ  წელს რუსულ ქართული დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტიდან 10 წელი სრულდება და იმედი გამოთქვა რომ ეს წელი იქნება ის ზღვარი, საიდანაც მოხდება ურთიერთობის უკეთესობისკენ შეცვლა.

„რუსულ- ქართული მრავალსაუკუნოვან ერთობლივ ისტორიაში მწარე იუბილეა – საქართველოს მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ათწლეული. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ზღვარი იქნება შემობრუნება უკეთესობისკენ, ეს შესაძლებელია, თუ წარსული იქნება გააზრებული და მოვა რეალისტური გაგება იმისა, რომ რეგიონის ყველა სახელმწიფოს სჭირდება თანასწორობაზე და ურთიერთპატივისცემაზე აგებული თანბამშრომლობა. სხვა გონივრული ალტერნატივა არ არსებობს“- განაცხადა კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, საქართველოში ნატოსა და აშშ-ის ყოფნა რუსეთის ღრმა შეშფოთებას იწვევს. მისი თქმით რუსეთის საზღვრებს ისეთი ძალა უახლოვდება, რომელსაც რუსეთი მოწინააღმდეგედ ჰყავს გამოცხადებული.

 

image_pdfimage_print

Comments

comments