გაუწევს თუ არა ქართული ხიზილალა კონკურენციას იმპორტირებულ პროდუქციას?

დეკემბრიდან  ბაზარზე ქართული ხიზილალა „უმალი“ გამოვიდა. როგორც „კომერსანტთან“  თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს „ახალი თევზის”  დირექტორი მიხეილ მჭედლიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე სარეალიზაციო ქსელში კალმახის (წითელი) ხიზილალა ჩაეშვა, ხოლო შემოდგომაზე ზუთხის (შავი) ხიზილალის წარმოებაა დაგეგმილი.

რაც შეეხება პროდუქციის საფასო პოლიტიკას, 100 გრამიანი ხიზილალა 23 ლარი ღირს, ხოლო 200 გრამიანი 47 ლარი.

მიხეილ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ქართველი მომხმარებელი კვლავ რუსეთიდან იმპორტირებულ ხიზილალას ანიჭებს უპირატესობას და ბაზარზე ამ თვალსაზრისით თავის დამკვიდრება რთულია. მისივე თქმით, მომხმარებელმა ბაზარზე არსებული უნდობლობის გამო პროდუქცია სათანადო დონეზე ვერ მიიღო.

„რუსული ხიზილალა მომხმარებელში ნდობას იწვევს, რასაც ქართულზე ვერ ვიტყოდი. ქართველები წლების განმავლობაში სწორედ რუსეთიდან იმპორტირებულ ხიზილალას ყიდულობენ და მას ენდობიან. თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ქართული ხიზილალის მიმართ ნდობა გავზარდოთ და საზოგადოებას პროდუქცია სწორად მივაწოდოთ. მომხმარებელმა ბაზარზე არსებული უნდობლობის გამო ჩვენი პროდუქცია სათანადო დონეზე ვერ მიიღო. მეორე საკითხია ბაზარზე კუსტარულად დამზადებული იაფფასიანი ხიზილალა, რომელსაც საზოგადოება დაბალი ფასის გამო ყიდულობს. ჩვენი პროდუქცია კი ამ ორ პროდუქტს შორის აღმოჩნდა. კომპანიის წარმოება იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ მომხმარებლის რაოდენობა მოიმატებს“, – განაცხადა მჭედლიშვილმა.

როგორც ცნობილია, თევზის გადამამუშავებელი კომპანია და ქარხანა ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში მდებარეობს. აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა. „ახალი თევზი”  წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს მომავალში მათი რიცხვი 65-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, იგეგმება ექსპორტზე გატანაც.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის” ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

image_pdfimage_print

Comments

comments