თბილისის ბიბლიოთეკებს რეკონსტრუქცია ჩუტარდებათ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე, თბილისის N5 საქალაქო ბიბლიოთეკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.  თბილისის მერმა დედაქალაქში არსებული საქალაქო ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობასა და ამ მიმართულებით, რეფორმის დაჩქარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, თბილისში არსებული 33 ბიბლიოთეკიდან 30-ში მძიმე მდგომარეობაა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გამოსწორდეს.

„საქალაქო ბიბლიოთეკებში ძალიან მძიმე სიტუაციაა. სამწუხაროდ, 33 ბიბლიოთეკიდან 30-ში მეტ-ნაკლებად ანალოგიური მდგომარეობაა. ცხადია, ამ მიმართულებით, გარკვეული რეფორმების განხორციელებაა საჭირო. ჩემს მოადგილეს უკვე დავავალე, რომ წარმოადგინონ კონცეფცია, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, რათა ბიბლიოთეკა საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,  რომ ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს. ამ პირობებში მუშაობაც შეუძლებელია და ისიც, რომ ადამიანი მივიდეს და რამით დაინტერესდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის 1884 წელს დაარსებულ N5 ბიბლიოთეკაში კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა  და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე იმყოფებოდნენ.

image_pdfimage_print

Comments

comments