სუნელების და სანელებლების რეალიზაციის ახალი წესები


Картинки по запросу специиსაქართველოს მთავრობის დადგენილებით, სუნელების და სანელებლების წარმოება- გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რისკის მართვის დროებითი ზომების მოქმედების ვადა განსაზღვრულია არაუმეტეს 2 წლით. ახალი წესების თანახმად: იკრძალება ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება და რეალიზაცია;  ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე იფქვება სუნელები და სანელებლები;

ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მიკვლევადობას და ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2017 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში (18%-ია) ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა გამოავლინა. დარღვევები, უმეტეს შემთხვევაში, (88%) იმ ფიზიკური პირების, ასევ კუსტარული წარმოებების პროდუქციაში დაფიქსირდა, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, მათ სახელმწიფო არ აკონტროლებდა.

სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის დროს, გამოვლინდა სავარაუდო ფალსიფიკაციის შემთხვევებიც, მათ შორის, არასასურსათო დანიშნულების ნედლეულის გამოყენების ფაქტები. ამ გარემოებიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა შემოღებულიყო რისკის მართვის დროებითი ზომები, რაც მიზნად მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას ისახავს.