სამხრეთ კორეაში XXIII-ე ზამთრის ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა


სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში რიგით XXIII-ე ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნა.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის  ცერემონიაზე სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიურ დელეგაციებთან ერთად საქართველოს დელეგაცია გამოვიდა. დელეგაციის მედროშე მოციგურავე მორის ყვითელაშვილია. პირდაპირ ეთერს 1tv აშუქებდა.

საქართველოს დელეგაცია წელს ოთხი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. სამთო სათხილამურო სპორტში მოასპარეზე იასონ აბრამაშვილისთვის ეს რიგით მეოთხე ოლიმპიადა იქნება, ნინო წიკლაური კი ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული კარიერის მანძილზე მესამედ წარსდგება. ოლიმპიადის დებიუტანტები არიან ფიგურულ სრიალში მორის ყვითელაშვილი, საციგაო დისციპლინაში – გიორგი სოღოიანი.

ოლიმპიადის გახსნის და დახურვის ცერემონიები ფიონჩანგში, ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება, რომელიც 35 ათას მაყურებელს იტევს. სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადა პირველია, სადაც მედლების 100-ზე მეტი კომპლექტი გათამაშდება. 15 დისციპლინაში სულ 102 შეჯიბრი გაიმართება.

პირველივე დღეს ისტორიული მომენტის დაფიქსირება შეძლეს ფოტოგრაფებმა–  სამხრეთ კორეის  პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დას, კიმ იო ინს ხელი ჩამოართვა.