დაგროვებითი პენსიის რეფორმა – ახალი ხარკი თუ უზრუნველი მომავალი?

Похожее изображение“პროფკავშირების” ინიციატივითა და “ფრიდრიხ ებერტის ფონდის” დაფინანსებით ჩატარებული კვლევის შედეგებამ ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დაგროვებითი პენსიის რეფორმას მხარს უჭერს.  

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ წარმომადგენლის იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, კვლევა ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ რეფორმა გაზიარებულია საქართველოს მოსახლეობის მხრიდან, 55% ცვლილებას პოზიტიურად უყურებს. თუმცა, არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დაგროვებით საპენსიო სქემას. ასეთია დაახლოებით  12%.

“სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” 1 000 რესპონდენტი გამოკითხა და მონაწილეთა ნახევარზე მეტი დაგროვებითი პენსიის შემოღებას მხარს უჭერს, თუმცა მათ გარკვეული შენიშვნებიც აქვს.

„ზოგადი პოზიტიური განწყობის ფონზე, რესპონდენტები გამოთქვამენ ცალკეულ მოსაზრებებს, მაგალითად, სრულიად ერთმნიშვნელოვნად იკვეთება აზრი, რომ საპენსიო სქემაში მონაწილეობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ასევე ფიქრობენ, რომ მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ იმ ადამიანებსაც, ვისაც ე.წ. ინსტიტუციონალური შემოსავლი არ აქვთ, მაგალითად, ძიძებს და ტაქსის მძღოლების, თვითდასაქმებულებს და არ უნდა იყოს დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

“პროფკავშირებმა” დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საპენსიო სისტემაში დასაქმებულთა სავალდებულო მონაწილეობას და 5 წლის განმავლობაში, მოქალაქეთა 2%-იანი წილის საშემოსავლო გადასახადიდან ჩამოჭრას ითვალისწინებს. “გაერთიანებული პროფკავშირების” თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, რეფორმის აუცილებლობიდან გამომდინარე, პროფკავშირები დათმობაზე მიდის და კანონპროექტის ცალკე დარეგისტრირების ნაცვლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას და ძირითადი პრინციპების შეჯერებას ცდილობს.

„ჩვენ თუ გვინდა საპენსიო რეფორმა, ის უნდა იყოს ორიენტირებული იმ სიღარიბის აღმოფხვრაზე და არაღირსეულ ცხოვრებაზე, რა ყოფაშიც არიან დღეს საქართველოში პენსიონრები. გარკვეული კონსენსუსი გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ე.წ. 2+2+2 პრინციპი, სადაც დასაქმებულმა უნდა ამოიღონ ჯიბიდან ფული. არ გაქვს ნდობა ფონდების მიმართ, ამიტომ, პირველი 5 წლის განმავლობაში დასაქმებულებმა არ უნდა გადაიხადონ თანხა და მათი ისედაც მაღალი საშემოსავლო გადასახადიდან უნდა მიდიოდეს 2% საპენსიო ფონდში”, -განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა შეხვედრაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ  ხაზგასმით აღნიშნა რომ, საქართველოში საპენსიო რეფორმა აუცილებლად ჩასატარებელია.

„ვფიქრობ, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმაა. ჩვენს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული თუ ეკონომიკურ მდგომარეობის გათვალისწინებით საპენსიო რეფორმა აუცილებლად ჩასატარებელია. დაგროვებითი პენსიის სწორად შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ფინანსური რეფორმის კუთხით, რომელიც საქართველოში უნდა ჩატარდეს“,-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი განცხადებით, კანონის იმპლემენტაციის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა, ასევე, საპენსიო რეფორმის განხორციელების პროცესში საზოგადოების სწორი ინფორმირების მნიშვნელობაზე.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი ეფუძნება „საქართველოს საპენსიო რეფორმის“ კონცეფციას. კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. პროექტი მომზადდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და USAID-ის ექსპერტების ჩართულობით. კანონპროექტით გათვალისწინებულია: დაგროვებითი საპენსიო სქემის დანერგვისა და ორგანიზების რეგულირების საკითხები; დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში გაწევრიანებისა და მონაწილეობის წესები და პირობები.

Похожее изображение

კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა  2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. 15 თებერვალს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დაგროვებით პენსიის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. პროექტმა კომიტეტის 7 წევრის მხარდაჭერა მიიღო, სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია.

საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში  განმარტებულია,  რომ საპენსიო შესატანი კანონპროექტის მიხედვით სავალდებულო გადასახდელი ხდება, ეს კი ახალი გადასახადის დაწესებას ნიშნავს, რაც კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.  ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ საპენსიო რეფორმაზე რეფერენდუმის ჩატარება არ განიხილება.

კითხვები აქვს ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს. ხელისუფლების ოპონენტები ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას ახალ სავალდებულო გადასახადს უწოდებენ,  დეპუტატთა ნაწილმა რეფორმას ანტიკოსტიტუციური უწოდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის  თქმით, დაგროვებით საპენსიო რეფორმაში ჩართვა 40 წლამდე პირებისთვის სავალდებულო იქნება და ამ ადამიანებს თანხას დაუკითხავად ჩამოაჭრიან.

„ხელისუფლება ცდილობს, გვერდი აუროს საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც კრძალავს გადასახადის ზრდას ან ახალი გადასახადის შემოღებას რეფერენდუმის გარეშე. რატომ ავალდებულებთ ადამიანებს?!“- აღნიშნა კახიძემ.

ზურაბ ჭიაბერაშვილს  მიაჩნია  დაგროვებითი საპენსიო რეფორმა უმუშევრობას კიდევ უფრო გაზრდის.

„ისედაც მაღალია ახალგაზრდებში უმუშევრობა და 40 წელს ქვემოთ მყოფი ადამიანების უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ამ რეფორმის შედეგად. არანაირი გარანტია იმისა, რომ 40 წელს ქვემოთ ვინც არის, ის ახალ დააგროვებს ფულს და ღირსეულ პენსიას აიღებს 30 თუ 40 წლის შემდეგ არ არსებობს“ – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის აზრით   საქართველოში პენსიის დაგროვებით სისტემაზე გადასვლას არასაიმედოა.

„ფული, რომელიც დღეს დანაზოგის სახით შემაქვს, ბანკში რომ შევიტანო, უფრო მეტ შემოსავალს მომცემს, ვიდრე 40 წლის შემდეგ გაურკვეველი პერსპექტივა, როცა არ ვიცი, როგორი იქნება ლარის კურესი, რამდენჯერ იქნება გაუფასურებეული ეროვნული ვალუტა, რამდენჯერ მოხდება ინფლაცია და საერთოდ, როგორი იქნება იმ პერიოდში ფულის მსყიდველუნარიანობა“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მიუხედვად კრიტიკისა, იურიდიულმა კომიტეტმა დაგროვებითი პენსიის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  ეკატერინე მიქაბაძემ განუცხადა, რეფორმასთან დაკავშირებით ყველა მოსალოდნელი რისკი გათვალისწინებულია.

„გარდა იმ სოციალური გამოწვევებისა, რომელსაც შეიძლება უპასუხებს ეს რეფორმა, მას ექნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენები ქვეყანაში, კერძოდ, ის დადებითად იმოქმედებს ეკონომიკის ზრდაზე,“ – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments