ტატუნაშვილის საქმე: “ამ უმძიმეს ფაქტზე პირდაპირ პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია”

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავებას. ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, მოხდეს შესაბამისი დროული რეაგირება, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პირდაპირ პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი ძალა. მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომელთაც მსხვერპლად ეწირებიან საქართველოს მოქალაქეები, ცხადყოფს ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გასულ ღამეს ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე 1983 წელს დაბადებული არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ტატუნაშვილი ერთი დღით ადრე ახალგორში დააკავეს.  დე ფაქტო საგამოძიებო უწყებამ მას  „გენოციდის” ბრალდება წაუყენა. როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს, ტატუნაშვილი დაკითხვაზე ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მას აჩვენეს მასალები, რომელიც მის 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ამტკიცებდა. დეფაქტო ცხინვალი აღიარებს, რომ დროებით იზოლატორში გადაყვანისას ტატუნაშვილის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რის გამოც მან მნიშვნელოვანი ტრამვები მიიღო და მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.
არჩილ ტატუნაშვილი მსახურობდა ავღანეთსა და ერაყში, იგი ასევე იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომში.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცხინვალში, დღეს მომხდარი უმძიმესი ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. აუცილებელია საერთაშორისო თანამეგოვრობის აქტიური ჩართულობით დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, ასევე დროულად მოხდეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გათავისუფლება“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

image_pdfimage_print

Comments

comments