სამადაშვილი: “რეზოლუციის მოთხოვნა საკმაოდ დაგვიანებულია”

არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა სპეციალური რეზოლუციის მიღებას გეგმავს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე განმარტავს,  რეზოლუციაში დაფიქსირებული იქნება მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით.

„მოხდა ადამიანის თავისუფლებისა და სიცოცხლის ხელყოფა. საპარლამენტო უმრავლესობა ვაპირებთ, რომ ინიცირება გავუკეთოთ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალურ რეზოლუციას, სადაც საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოვითხოვთ. ვინაიდან, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების რისკი და საფრთხეები არის მაღალი და დროა , საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი მობილიზება მოახდინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის თვალსაზრისით. მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები და ის მისიები, რომლებიც ამგვარი ფაქტების პრევენციაზე მუშაობენ. ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს, რომელსაც საერთაშორისო სამართლით აქვს პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარ დანაშაულთან და ადამიანის უფლებების დაღვევებთან დაკავშირებით”.“ – განაცხადა თალაკვაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ამ  ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  რეზოლუციის მოთხოვნა დაგვიანებულია, რადგან  “ქართულმა ოცნებამ” მრავალი წელი უმოქმედობით დაკარგა.

“სამწუხაროდ, რეზოლუციის მოთხოვნა საკმაოდ დაგვიანებულია. წლების წინ უნდა დაწყებულიყო ზეწოლის გაძლიერება საერთაშორისო თანამეგობრობაზე, რომ ტერიტორიებზე მისიის დაშვება მომხდარიყო. “ქართულმა ოცნებამ” კი მრავალი წელი დაკარგა უმოქმედობით, რის შედეგადაც ჩვენი ოკუპაციის თემატიკა ფაქტობრივად, გაქრა საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა ტატუნაშვილს და საქართველოს არაერთ მოქალაქეს” – განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი განხილვის მთავარი თემა იქნება ბრიუსელში, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დღეს დილით გაემგზავრა.

image_pdfimage_print

Comments

comments