არა ოკუპაციას! – საქართველოში საპროტესტო აქციები გაიმართა

თავისუფლების მოედანზე  საპროტესტო  აქცია  ჩატარდა, რომლის  მონაწილეებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა მოითხოვეს და ოკუპაცია  გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა  ყვავილები და სანთლები მიჰქონდათ.  ორგანიზატორების თქმით, მათ 40-მდე ბარი, რესტორანი, მაღაზია და სხვა კომერციული ობიექტი შეუერთდა და სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ისინი 2 საათით დაიხურნენ.

აქციის ორგანიზატორის თაზო დათუნაშვილის თქმით, პროტესტის ძირითადი მიზეზი ის ოკუპაციაა, რომელსაც რუსული მხარე საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს.

„ხაზგასმით ვთქვათ, რომ ამ აქციის არც ორგანიზების პროცესში და არც ჩატარების პროცესში, მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ინტერესთა ჯგუფს, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას. ეს არის თავიდან ბოლომდე სამოქალაქო ინიციატივა და ამას გვინდა ხაზი გავუსვათ. პროტესტის მთავარი მიზეზი არის ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა არჩილ ტატუნაშვილის თავს და მისი თანამებრძოლების თავს, რომელიც სამწუხაროდ, იმყოფებიან ოსეთის ტერიტორიაზე და არჩილის ცხედარი ჯერ კიდევ არ არის გადმოცემული საქართველოში,“ – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია თბილისის პარალელურად საქართველოს 12 ქალაქში იმართებოდა. ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ მდუმარე აქცია გაიმართა. აქციაზე თეატრის მსახიობები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ სანთლებით და სახელმწიფო დროშებით ხელში კიდევ ერთხელ დაგმეს რუსული ოკუპაცია და დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადეს.

 

გორში აქცია გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის წინ  გაიმართა, სოლიდარობისა და პროტესტის ნიშნად მას თეატრის მსახიობები შეუერთდნენ და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის უმოკლეს ვადაში გადმოსვენება მოითხოვეს.

” პარადოქსია რომ ცხედრის დაბრუნებას საქართველოდან საქართველოში ვითხოვთ. ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა”. – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

იგივე გზავნილით ახალგაზრდები უნივერსიტეტთანაც შეიკრიბნენ და მათ თანაგრძნობა გამოუცხადეს დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.

საქართველოს საპატრიარქოს ცნობთ, რუსეთის პატრიარქი უკვე ჩაერთო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის საკითხში.

“დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს. მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს. ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

ოსური მხარის ცნობით, 35 წლის საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი,  2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალ დივერსიებს ამზადებდა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია იზოლატორის ოფიცრებს, რა დროსაც მან წონასწორობა დაკარგა და კიბეზე დაგორდა. ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სუთქვის უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორი საათის შემდეგ ის გადაიცვალა.

განცხადებაში წერია, რომ ოსურმა სპეცსამსახურებმა ტატუნაშვილსა და საქართველოს სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის შესახებ იცოდნენ და შესაბამისად, მას თვალყურს ადევნებდნენ. დაკავება კი, სამხრეთ ოსეთში მისი მორიგი ჩასვლის დროს მოხდა.

არჩილ ტატუნაშვილის საქმემ ნათლად აჩვენა,  რომ აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე  რუსულ–ქართული კონფლიქტი გაყინული არაა, როგორც ამას სხვადსხვა საერთაშორისო  ექსპერტ–პოლიტიკოსები უწოდებენ. ეს ღია ჭრილობაა საქართველოს გულზე…

ანა ბახტაძე

image_pdfimage_print

Comments

comments