წმინდა სინოდის წევრებმა დახურული შეხვედრა გამართეს საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან

წმინდა სინოდის რამდენიმე მღვდელმთავარი ბრიტანეთის საელჩოში დიპლომატებს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით დახურულ კარს მიღმა ელჩებთან შეხვედრის მთავარი თემა რუსული პროპაგანდის და რუსული საფრთხეების განეიტრალება იყო.

შეხვედრაზე მისული იყო პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი, ფოთელი მიტროპოლიტი გრიგოლი, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი არაფორმალური შეხვედრის მიზანი იმ ოფიციალური შეხვედრების შეჯამება იყო, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დასავლეთში გამართეს.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ შეხვედრის თემაზე ზოგადად ისაუბრა და განაცხადა რომ საუბარი იყო იმ საფრთხეებზე რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დგას:

„საუბარი იყო საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობაში მნიშვნელოვანი ფაქტორის მორწმუნე ადამიანების და სარწმუნოების უფლებებს და იმ ფაქტორებს რა რისკის ქვეშაც არის საქართველო“- განაცხადა მეუფე ანდრიამ.

ფოთელი მიტროპოლიტი გრიგოლის თქმით, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ზალები ცდილობენ გაამყარონ სტერეოტიპები თითქოს, ბოროტება და უბედურება დასავლეთიდან მოდის:

„ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენში არის ის სტერეოტიპები, რომელიც ადამიანების წარმოდგენებში არსებობს და რომლის გამყარებასაც კიდევ უფრო ხელს უწყობენ ის ძალები და მხარეები, რომლებიც არ არიან კარგად განწყობილნი საქართველოს დასავლეთთან თანამშრომლობის მიმართ. ჩვენ ამას გულგრილად ვერ შევხედავთ და არ იქნება იმის ნიშანი, რომ ჩავიკეტოთ და დახურულ სივრცეში დავბრუნდეთ. არავისთვის არ არის უცხო, რომ პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ ბოროტება და უბედურება დასავლეთიდან მოდის და ეს მაინც მიმართულია საზოგადოების დეზორიენტაციისთვის მაშინ, როცა ქვეყანას სერიოზული ამოცანები აქვს განსახორციელებელი.“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონის თქმით, საქართველოს მხრიდან გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს რუსეთი სათანადოდ არ პასუხობს და ეს ხდება, როგორც საერო ისე საეკლესიო ურთიერთობის მხრივ:

„ჩვენი და რუსეთის ისტორიული ურთიერთობა იცით.დღევანდელ დღეს ჩვენ გულისტკივილით აღვნიშნავთ და გამოვხატავთ, რომ რუსეთი სათანადოდ არ აფასებს საქართველოს და სათანადო ურთიერთობა არა აქვს. ეს აბსოლუტურად ცხადზე ცხადია/ ეს გულისტკივილი არის. გადის დრო, არ იცვლება ურთიერთობა არც აფხაზეთში, არც ოსეთში. ხედავთ, რაც ხდება საერო მხარეზე, ასევე საეკლესიო მხრივაც. გვინდა, რომ ჯანსაღი ურთიერთობა იყოს, მაგრამ პოზიტივს ვერ ვხედავთ.“- აღნიშნა მეუფე ანტონმა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წმინდა სინოდის გავლენიანი მღვდელმთავრები ბრიუსელსა და ვაშინგტონში რამდენიმე ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ.

newposts.ge

image_pdfimage_print

Comments

comments