ბიბილოვმა საქართველოს ტატუნაშვილის საკითხის პოლიტიზირებისგან თავის შეკავება ურჩია

Похожее изображениеჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ოკუპირებული ცხინვალი უკომენტაროდ დატოვეს. გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლების  შეხვედრა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებში გაიმართა. თუმცა ევროკავშირის წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი მაინც  დააყენა. 

შეხვედრისას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა  ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ხელისუფლებას არჩილ ტატუნაშვილის საკითხის პოლიტიზირებისგან თავის შეკავება ურჩია.

“მესმის, რომ თქვენი ვიზიტი ტატუნაშვილის გარდაცვალებას არ უკავშირდება, მაგრამ რაკი ეს საკითხი წამოჭერით, გეტყვით, რომ სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ ეწინააღმდეგება, ცხედრის გადაცემამდე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელია. ასეა მიღებული მთელ მსოფლიოში და ჩვენ არ შეგვიძლია ასე უბრალოდ შევასრულოთ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე მოთხოვნა… თუ შესაბამისი დოკუმენტი არ შედგება, თქვენ იქნებით პირველები, ვინც ამის გამო გაგვაკრიტიკებთ. ჩვენ ეს არ გვინდა. საქართველოშიც ასეთი ექსპერტიზის ჩასატარებლად მინიმუმ ერთი თვეა საჭირო. არავინ ამბობს, რომ არ უნდა გადავცეთ ის, თუმცა საზოგადოების ნაწილს ეს პოზიცია აქვს, ვინც დღემდე ელოდება საკუთარი შვილების დაბრუნებას…“, – თქვა ბიბილოვმა შეხვედრაზე.

მოგვიანებით კი განმარტა, რომ მისი ამ პოზიციის გამო თანათავმჯდომარეებმა გაოცება გამოხატეს და უნივერსიტეტის ახალი შენობის ნახვაზე უარი განაცხადეს.  სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა, რომელმაც ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა  ჩაუტარა, განაცხადა, რომ  ექსპერტიზამ ცხედარზე ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა.

გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი და ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულებისადმი მიძღვნილი მიტინგი გაიმართა.   SputnikOssetia–ს  ცნობით, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინ 400-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ ქართული მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი არ გადასცენ.

სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ტაძართან ტრანსფარანტები მიიტანეს ლოზუნგებით: „საქართველო, დაგვიბრუნე ჩვენი შვილების ცხედრები“, „ევროკავშირო, არ დაუჭირო მხარი საქართველოს მიერ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ტერორს“, „საქართველო პასუხისმგებელია უგზო-უკვლოდ დაკარგულ 145 ოსზე“.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მე-13 დღეა ტატუნაშვილების ოჯახი შვილის გადმოსვენებას ელოდება. თუმცა მათ იმედი აქვთ, რომ ეს კვირის ბოლომდე მოხდება.

image_pdfimage_print

Comments

comments