თბილისში ავტოსატრანსპორტო საშულებით გარევაჭრობა ჯარიმით დაისჯება

Похожее изображениеავტოსატრანსპორტო საშულებით გარევაჭრობისთვის ჯარიმის ოდენობა 1000 ლარი იქნება. ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა „რედიო პალიტრას“  ეთერში  ისაუბრა. 
მისი ინფორმაციით, გარევაჭრობისთვის ჯარიმა აქამდე დაწესებული იყო ყველასთვის, ვინც გარევაჭრობას ეწეოდა, როგორც მცირე პროდუქციის გაყიდვით, ასევე შედარებით დიდი ოდენობით პროდუქციის გაყიდვით და მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გაყიდვის შემთხვევებში. მისი განმარტებით, მოხდება ჩაშლა და გარე ვაჭრობაზე ჯარიმები განსხვავებული იქნება.

“როცა გარევაჭრობას ვეხებოდით, არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს იყო ფიზიკური პირი, რომელიც მცირე პროდუქციით ვაჭრობდა, თუ პირი, რომელიც მოძრავი, მისაბმელი კონსტრუქციის მაგვარი საშუალებით ვაჭრობდა. ჩვენ ვაპირებთ ამის ჩაშლას, რომ ყველასთან ერთანირი მიდგომა არ იყოს, საჯარიმო სანქციებიც განსხვავებული იქნება. როცა დარღვევას ვნახავთ, მათ დაჯარიმებას ადგილზევე მოვახდენთ. საკრებულოს აქვს დადგენილება მიღებული, თუ სად არის აკრძალული გარევაჭრობა და ჩვენ ამას უფრო გავამკაცრებთ, გარევაჭრობისთვის დაწესებული 20-ლარიანი ჯარიმა 100 ლარამდე გაიზრდება, განმეორებითი შემთხვევებისთვის დაწესებული 100-ლარიანი ჯარიმის ოდენობა 500 ლარამდე აიწევს”- განაცხადა  გიორგი ბაგრატიონმა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გარე ვაჭრობის მთლიანად აკრძალვას არ აპირებენ და ამისთვის შესაბამისი ლოკაციები გამოიყოფა. დიდი ბაზრობები მზად არიან, რომ გარე მოვაჭრეებს გამოუყონ ადგილები, შეღავათიან ფასებში, მათ შორის თავდაპირველად უსასყიდლოდაც.

„ვმუშაობთ, რომ შესაბამისი ადგილები გამოიყოს, ეს უფრო ტურისტულ ზონებში იქნება შესაძლებელი. ქაოტური გარევაჭრობის წინააღმდეგი ვართ, თორემ მოწესრიგებული გარევაჭრობა პრობლემას არ წარმოადგენს. შესაბამისი დოკუმენტაცია შედგება, აუქციონი გამოცხადდება, იქნება გარკვეული მოთხოვნები და ეს საკითხი მოწესრიგდება“, – აღნიშნა  გიორგი ბაგრატიონმა.

თბილისის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ზომების მიღება 2017 წლის 19 მარტიდან დაიწყო.

image_pdfimage_print

Comments

comments