ქართველ მეცნიერს ”სილიკონ ველზე” საკუთარ ლაბორატორიას გაუხსნიან


ბაჩანა ლომსაძე პირველი ქართველია, რომელსაც ”სილიკონ ველზე” მდებარე სანტა-კლარას უნივერსიტეტში საკუთარ ლაბორატორიას (Lomsadze lab) გაუხსნიან. ახალგაზრდა მეცნიერი ცოტა ხნის წინ სანტა-კლარას უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, რაც გულისხმობს სავალდებულო სალექციო კურსების წაკითხვას, საკუთარი სამეცნიერო ლაბორატორიის შექმნას, სტუდენტების ხელმძღვანელობას, გრანტების მოძიებას, კოლაბორაციას სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფებთან.

ლომსაძე გეგმავს, გაცვლითი პროგრამა სანტა-კლარას უნივერისტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორისაც ჩამოაყალიბოს.

სანტა-კლარას უნივერსიტეტის მიერ ჩემი პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნის შემოთავაზება საკმაოდ გრძელი და რთული კონკურსის გავლის შემდგომ მოხდა. უნივერსიტეტში იყო ერთი საკონკურსო ადგილი ფიზიკაში პროფესორის თანამდებობაზე. შერჩევაში 250-მდე აპლიკანტი მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე 20 ადამიანი შეირჩა ავტობიოგრაფიის, გამოქვეყნებული შრომების და სარეკომენდაციო წერილების მიხედვით. კიდევ უფრო „მოკლე სიაში“ მოხვედრა (4 კანდიდატი) გულისხმობდა „სკაიპით“ ზეპირ გასაუბრებას და შემდგომ ადგილზე, უნივერსიტეტში ჩასვლას და 2-დღიან გასაუბრებას. გასაუბრება მოიცავს თითოეულ ადგილობრივ პროფესორთან, დეკანთან და უნივერსიტეტის რექტორთან 1-საათიან ინტერვიუებს. ამის შემდგომ აპლიკანტს სამეცნიერო გეგმებზე მოხსენების და საუნივერსიტეტო კოლოქვიუმის გაკეთება მოეთხოვება.

მნიშვნელოვანია ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვისაც, ვინაიდან მათი აზრის გათვალისწინება შეფასებაში როგორც წესი, განმსაზღვრელია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ხანგრძლივი პროცესისა და მკაცრი კონკურენციის პირობებში უნივერსიტეტმა არჩევანი ჩემზე შეაჩერა. გარდა ამისა, აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტის „მოკლე სიაში“ ვარ მოხვედრილი, შემოთავაზებებიც მაქვს პროფესორის თანამდებობაზე. თუმცა სანტა-კლარას საგანმათლებლო ცენტრი ავირჩიე, რადგან ის ითვლება ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ უნივერსიტეტად აშშ-ში, რომლის სტუდენტობაც საამაყოა, თუმცა მაღალი საფასურისა და დიდი კონკურენციის გამო საკმაოდ რთულია. უნივერსიტეტი მდებარეობს „სილიკონ ველზე“, რომელიც მსოფლიო ტექნოლოგიების ცენტრია. იგი ძალიან ახლოსაა სტენფორდისა და ბერკლის უნივერსიტეტებთან, სადაც კოლაბორაციები მაქვს დაგეგმილი”,– ამბობს ბაჩანა ლომსაძე.

accent.com.ge