ირლანდიაში აბორტების ლეგალიზება გააპროტესტეს


ირლანდიის დედაქალაქის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი  გამოვიდა და აბორტების ლეგალიზება გააპროტესტა. დუბლინში გამართული “სიცოცხლის მარშის” მონაწილეები  ირლანდიის კონსტიტუციაში მერვე შესწორების ძალაში დატოვებას მოითხოვდნენ, რომელიც  აბორტის გაკეთებას კრძალავს.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა საზოგადოებრივი კამპანიის  Save the Eighth (“შევინახოთ მერვე მუხლი”) ლიდერი და  მონაწილეებს  შეახსენა, რომ მხოლოდ 10 კვირა დარჩა მოსახლეობის  დასარწმუნებლად, რათა აბორტის ლეგალიზებას მხარი არ დაუჭირონ.

მაისის ბოლოს ირლანდიაში აბორტების ლეგალიზების საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ირლანდიის პრემიერ–მინისტრმა ლეო ვარდაკარმა განაცხადა, რომ ხმას მერვე მუხლის გაუქმებას მისცემს,  პარლამენტარეების მოსაზრება კი ძალზე არაერთგვაროვანია. ამავე დროს კათოლიკური ეკლესია მკაცრად უარყოფს აბორტის ლეგალიზებას და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის წინააღმდეგია.

მერვე შესწორება ირლანდიის კონსტიტუციაში 1983 წელს მიიღეს, რომლის თანახმად დედისა და ნაყოფის სიცოცხლე თანაბარუფლებიანად მიიჩნიეს და აბორტის გაკეთება ნებისმიერ შემთხვევაში კანონის დონეზე აიკრძალა.

 Irish Times