"სითი პარკი" მერიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


Картинки по запросу парковкаთბილისში საპარკინგე სისტემის რეგულირების ახალი მოდელი შეიქმნება, რაც ახალი მუნიციაპლური სამსახურის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ამის შესახებ თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მერიის მუნიციპალური სამსახური მზად არის „სითი პარკის“ ვალდებულებები შეასრულოს. 

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია არის საკმაოდ ძლიერი კომპანია გამართული მენეჯმენტით, ტექნიკური და მატერიალური საშუალებებით და ადამიანური რესურსით. აქედან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური იქნება პარკირების რეგულირება დროებით განხორციელდეს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მხრიდან. თუმცა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოვაყალიბოთ ახალი საპარკინგე სისტემის რეგულირების მოდელი, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება ითვალისწინებდეს ახალი მუნიციპალური სამსახურის შექმნას და პარკირების რეგულირების ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია – ჯარიმების დაწერა განახორციელოს ისევ და ისევ მუნიციპალურმა კომპანიამ და ახალმა კომპანიამ“, – განაცხადა ხმალაძემ.

კომპანია “სითი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.  როგორც თბილისის მერმა კახა კალაძიმ  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,    2018 წლის 10 აპრილიდან მერია “სითი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს.

კონტრაქტის შეწყვეტა მულოდნელი აღმოჩნდა კომპანია “სითი პარკისთვის” .  კომპანიას მიაჩნია, რომ მერიის მხრიდან ეს  არაკეთილსინდისიერი და არაპროფესიონალური ნაბიჯია.  კომპანიისთვის, ასევე მიუღებელია მერიის აპელირება იმ საკითხზე, რომ “სითი პარკი” არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს მერიის წინააღმდეგ ორი დავა, თუმცა არცერთი დავა დასრულებული არ არის და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება.

“მიუხედავად მერიის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებისა, რომ საკითხს კანონის საფუძველზე გადაწყვეტდა, დღეს სახეზეა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აშკარას ხდის მერიის მიზანმიმართულ უკანონო და არასამართლებრივ გადაწყვეტილებებს. მიგვაჩნია, რომ სასამართლო დავის პროცესში ასეთი უსაფუძვლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუსაბამოა დემოკრატიის პრინციპებისათვის, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

კომპანიისათვის ცნობილი იყო, რომ არსებობდა სფეროს კონტროლის ასაღებად გარკვეული მაღალი თანამდებობის პირთა ინტერესები, და სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ამ ჯგუფის ინტერესები დგება კანონსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე მაღლა.  კომპანია აუცილებლად მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე და დაიცავს თავის, როგორც უცხოელი ინვესტორის, უფლებებს. სამწუხაროა, რომ მერიის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული გადაწყვეტილებები დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და ასევე ბიზნესურთიერთობებს საქართველოსა და ისრაელს შორის.

პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად გაკეთებული განცხადება აუცილებლად იმოქმედებს კომპანიაში დასაქმებულთა სამუშაო გარემოზე. მერის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ რისკის ქვეშ დააყენა კომპანიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კანონის საფუძველზე ინსპექტირებენ დედაქალაქში”, – აცხადებენ “სითი პარკში”.