ფაროსანას წინააღმდეგ ქართული ბიოლოგიური პრეპარატი შეიქმნა


აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ქართული წარმოების ბიოლოგიური პრეპარატი „ბიოინსექტ 2“ დაარეგისტრირა, რომელსაც  დასავლეთ საქართველოში სიმინდისა და თხილის კულტურაზე გამოცდიან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტის განცხადებით, ბიოლოგიური პრეპარატი ქიმიურთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია და ის ძირითადად ბიოლოგიურ მეურნეობებში ან მცირე რაოდენობის მავნებელთან გამოიყენება.

„აქამდე იყო და არის დარეგისტრირებული თურქული პრეპარატი. წელს დარეგისტრირდა ქართული პრეპარატი. შემადგენლობა ერთნაირია, თუმცა ბიოლოგიურ პრეპარატებს ქიმიურ პრეპარატებთან შედარებით ნაკლები ეფექტურობა აქვს. ის გამოიყენება მაშინ, როცა არის ბიო მეურნეობა და იქ არ შეიძლება ქიმიური პრეპარტების გამოყენება, ან კიდევ მავნებლის რაოდენობა მცირეა. ბიოლოგიური პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს საწყის ეტაპზე, როდესაც მავნებელი იმყოფება ნიმფის, ანუ მატლის ფაზაში და მეტი მიმღებლობა აქვს პრეპარატის მიმართ. თუ ადამიანი ბიოლოგიური პრეპარატით თავის საკარმიდამო ნაკვეთს რამდენჯერმე შეწამლავს, ალბათ სასურველ შედეგს მიაღწევს“, – აღნიშნა ზურაბ ლიპარტიამ.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ რამდენიმე სახეობის ქართული ბუნებრივი პრეპარატია შექმნილი, თუმცა ამ დროისთვის რეგისტრაცია მხოლოდ ერთს აქვს გავლილი. პროცედურის თანახმად, რეგისტრაციისთვის საჭიროა საველე გამოცდები და ექსპერტიზის დადებითი პასუხი.

Reginfo