დავით ნარმანიამ მოადგილეები წარადგინა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ახალი მოადგილეები წარადგინა. ვიცე-მერის პოსტზე ნარმანიას გადაწყვეტილებით, ალექსანდრე მარგიშვილს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის, რომელიც დღემდე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.
“ბატონი ქუმსიშვილი არის პროფესიონალი, რომელსაც აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ბატონი დიმიტრი თავის გამოცდილებას დედაქალაქის მომავალს მოახმარს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში”, – განაცხადა ნარმანიამ მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
კიდევ ერთი ცვლილება მერის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს შეეხო. ამ უკანასკნელს ნარმანიას გადაწყვეტილებით, ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე შეცვლის.
“მას მედია და საექსპერტო წრეები კარგად იცნობთ, როგორც სანდო ეკონომისტს. მას აქვს გამოცდილება და ვფიქრობ, ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად წაადგება თბილისის მერიას დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში”, – განაცხადა ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის ინფორმაციითვე, ყოფილი ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი ახლად ჩამოყალიბებულ “მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს” უხელმძღვანელებს.
მერიის უფრო გამართული ფუქნციონირებისთვის საჭირო გახდა პრიორიტეტების გაზრდა. ამიტომ შეიქმნა მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ ცენტრს ჩემივე გადაწყვეტილებით, ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს”, – აღნიშნა ნარმანიამ.
რაც შეეხება ალუდა გოგლიჩიძეს, დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ის “თბილისის ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელად დაინიშნა.
მეორე პრიორიტეტს ახალგაზრდობის როლის გაზრდა წარმოადგენს. 28 თებერვალს თბილისის მერიამ ოფიციალურად გააკეთა განაცხადი 2018 წელს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მოპოვების თაობაზე. გამარჯვებული ქალაქის სწორედ 2018 წელს იქცევა ევროპის ახალგაზრდული პოლიტიკის ცენტრად. სტატუსის მოსაპოვებლად მერიაში მრავალი რეფორმის განხორციელება იქნება საჭირო, ამიტომაც ჩემი წინასაარჩევნო დაპირებისამებრ, გაძლიერდება თბილისის ახალგაზრდული ცენტრი და მას ალუდა გოგლიჩიძე უხელმძღვანელებს”, – განაცხადა ნარმანიამ.

image_pdfimage_print

Comments

comments