ტაქსების მასშტაბური შემოსევა თბილისში


Похожее изображениеგლდანი, საღამოს 7 საათი.  მეტროსთან, გაჩერებაზე მეგობარს ველოდებოდი.  უსაქმურობისგან ტაქსების რაოდენობის დათვლა გადავწყვიტე. დრო დავნიშნე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს 5 წუთში 43 ტაქსმა ჩაიარა. კიდევ 5 წუთში  41 მანქანა გამცდა. ვიფიქრე, რამე შემეშალა–თქო და მომდევნო 5 წუთი კიდევ ვითვალე ტაქსების რაოდენობა და 37 დავითვალე. მარტივი არითმეტიკით რომ ვიმსჯელოთ, ყოველ 5 წუთში 40 ტაქსი თუ მოძრაობს, ყოველ საათში –  480 ტაქსი.

დიახ, პიკის საათია, მაგრამ ამ 40 ტაქსიდან 10–12 თუ იყო დაკავებული. დანარჩენი ავტოსაშუალების მძღოლები კლიენტის შოვნის იმედით სევდიანი თვალებით აქეთ–იქეთ იყურებოდნენ. თბილისში 33 უბანია, 33X480=15840. ანუ პიკის საათში დედაქალაქის მასშტაბით დაახლოებით  15840–მდე ტაქსი მოძრაობს. არა მგონია, მთელ თბილისში ტაქსით გადაადგილების 7000–მდე მსურველი იყოს, მითუმეტეს ყოველდღე. დღის განმავლობაში კი ამაზე ნაკლებიც. შესაბამისად, ტაქსების უმეტესობა არასრული დათვირთვით მუშაობს. მეტნაკლები სტაბილური მუშაობა ტაქსის კომპანიებს აქვს, თუმცა მას შემდეგ, რაც ქართულ ბაზარზე რუსული ბიზნეს ოპერატორი შემოვიდა, ადგილობრივი კომპანიები შეკვეთების შემცირებაზე ალაპარაკდნენ.

დიახ, ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონეა. დიახ, საპენსიო ასაკამდე მამაკაცებისთვის ვაკანსიები თითქმის არ არის. დიახ, ტაქსის მძღოლობა დამატებითი შემოსავლის კარგი წყაროა.

მაგრამ, ამ უმუშევართა რაოდენობას გაჩერებებზე მიყიჟულ იმ მგზავრთა ნაწილიც  მიეკუთვნება, რომელსაც ნელი სვლით მიმავალი ტაქსის მძღოლი ფანჯრიდან შესცქერის. მათ  არ აქვთ ტაქსით მგზავრობის ფუფუნება.

ვაღიაროთ, ჩვენთან არ არსებობს ტაქსით მომსახურების განვითარებული სერვისი, არ გვყავს კვალიფიციური მძღოლები. დამიჯერეთ, ნიუ–იორკის ან ლონდონის ტაქსისტი არ დაუსვამს კლიენტს კითხვას :,,და ეს ქუჩა სადაა?.“ არ დაუსვამს, რადგან ლიცენზიის მისაღებად მან  ბევრი რამ შეისწავლა და დაამტკიცა, რომ მძღლის წოდების ღირსია.

ტაქსის მომსახურებაზე ხშირად უარს აცხადებენ ტურისტებიც.  არაკეთილსინდისიერი მძღოლები მრიცხველის უქონლობით სარგებლობენ და ჩამოსულ სტუმრებს ასტრონომიული ფასებით ემსახურებიან. ამას გარდა, კერძო სასტუმროებთან გარიგებაში ჩაბმულ ზოგიერთ მძღოლს დანიშნულების ადგილამდე არც მიჰყავს ტურისტი – გზაში დაჯავშნულ ობიქტზე უარყოფით ინფორმაციას აწვდის, სამაგიეროდ კი  დაბალ ფასში ვითომდა უკეთს პირობებს სთავაზობს. ბინის მეპატრონე  კლიენტს  იღებს, მძღოლი – პროცენტს, ორივე კმაყოფილია! უკმაყოფილოა მოტყუებული ტურისტი და იმ ობიექტის გაწბილებული მასპინძელი, სადაც უცხოელ სტუმარს ელოდებოდნენ.

გასულ წელს  საქართველოში ტაქსის მძღოლების პროფკავშირი შეიქმნა. იანვარში კი ცნობილი გახდა, რომ  თბილისის მერია  ტაქსების რეგისტრაციას იწყებს და  პროცედურა სავალდებულო იქნება. გადაწყვეტილება კახა კალაძემ იმით ახსნა, რომ   თბილისის მოსახლეობა და სტუმრები ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს იმსახურებენ . ახლახან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გავლა და ავტომობილში სპეციალური საინფორმაციო ტაბლოს განთავსების ვალდებულება გაუჩნდებათ. მათ სავალდებულო წესით უნდა დაამონტაჟონ ტაქსომეტრები და ერთიანი ტარიფებით იმოძრავონ. ლიცენზიის ფასი სავარაუდოდ 50-100 ლარის ფარგლებში იქნება. ხოლო  ის მძღოლები, რომლებიც ულიცენზიოდ იმუშავებენ,  200 ლარით დაჯარიმდებიან. ტაქსების კონტროლს პოლიცია განახორციელებს.

იმედია, სიტუაცია ორივე მხარის სასარგებლოდ მოგვარდება და ტაქსი/მგზავრის შეფარდებაც გონივრულდა დაბალანსდება. იმედია…

 

ალექსანდრე მგალობლიშვილი