გიორგი მარგველაშილი ბელორუსის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მასპინძლობს.  როგორც პრეზიდენტებმა აღნიშნეს, საქართველო – ბელორუსის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების შესამჩნევმა პროგრესმა  ბოლო სამი წლის განმავლობაში  ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ დონეზე აიყვანა. ორმხრივი ურთიერთობების ეს პროგრესი დინამიურად განვითარებადი და შეუქცევადია.

გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ პირისპირ მოლაპარაკებების ფორმატში მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუშვებლობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ყოფილი სამხედროს არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ ასეთი აღმაშფოთებელი შემთხვევები და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საჭიროებს. ამასთან, საქართველო განაგრძობს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მნიშვნელოვან მხარდაჭერას ელის.

ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი უკვე მეორე ვიზიტია.

,,თბილისში მხოლოდ მეორედ ვარ. მე ადრე ჩავედი სოხუმამდე… მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა გაუგებრობა.. არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა, და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად…ამიტომაც, აქ ყოველთვის ჩამოვდივარ თრთოლვით, იმ მოლოდინით, რომ აქ ძალიან კარგი კეთილი, პატიოსანი ხალხია, ისეთივე როგორც ბელარუსში“, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ და ქართველი ხალხის სტუმართმეოყვარეობასა და პატიოსნებას გაუსვა ხაზი.

ალექსანდრე ლკაშენკოსთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების სისტემატიური დარღვევის ფაქტების განხილვისას გიორგი მარგველაშვილმა არსებული ჰუმანიტარული პრობლემების შესახებაც ისაუბრა.

შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპებისადმი და დაადასტურეს ერთგულება საზღვრების ურღვეობის, დავების მშვიდობიანი მოგვარების, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი ძალიან აფასებs  ბელარუსი მეგობრების გვერდში დგომას და მათ მტკიცე მხარდაჭერას.

,,ეს ვიზიტი ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების კიდევ ერთი დასტურია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული გახდება ჩვენი ქვეყნებისათვის“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments